Accessibility links

მთავრობას მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დროს შეაჩეროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღება


„მწვანე ალტერნატივა“ და საია მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლითაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესთან დაკავშირებული საჯარო განხილვები გააუქმა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შეაჩეროს პროექტებზე მიმდინარე გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

განცხადების თანახმად, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად მიღებულ მთავრობის 2020 წლის 23 მარტის # 181 დადგენილებაში 26 მარტს შევიდა ცვლილება, რომლითაც საქართველოს მთავრობა 20-ზე მეტი დაგეგმილი პროექტის/ საქმიანობის „სკოპინგის“ დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისათვის უკვე დაწყებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს საჯარო განხილვების გარეშე ჩაატარებს.

„იმის ნაცვლად, რომ პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულიყო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი ჩვეულად გაგრძელდება, საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვით და საჯარო განხილვის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ 2020 წლის 26 მარტს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული გარემოს დაცვისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებები. მათივე განმარტებით, ამ უფლებების შეზღუდვა კი საგანგებო მდგომარეობის დროს, აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლით და შესაბამისად, განხორციელებული ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

განმცხადებელი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება პრობლემურ პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღების გასამარტივებლად შევიდა.

„ასეთ პრობლემურ პროექტად, მაგალითად, შეგვიძლია აბასთუმნის შემოსავლელი გზის პროექტი დავასახელოთ. დაგეგმილი გზა კვეთს ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებს. გზის მშენებლობის პროექტი ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული უფრო ფართო პროექტის ნაწილია, რომელიც აბასთუმნის გარდაქმნას ითვალისწინებს და მას სახელმწიფო უწყებები უპირობოდ უჭერენ მხარს”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს, ერთი თვით გამოაცხადეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG