Accessibility links

აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი პირი დაავადდა, ინფიცირების წყარო უცნობია


საქართველოში COVID-19-ით დაავადების 7 ახალი შემთხვევიდან, რომელიც დღეს დილით დადასტურდა, ერთი ბათუმში დაფიქსირდა. 60 წლის ქალი კლინიკა „მედალფაში“ იმყოფება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პაციენტის კონტაქტების მოძიება. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, ამ მოქალაქის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. პაციენტს არც COVID-19-ის გამოკვეთილი სიმპტომები ჰქონდა.

„ეს ქალი გახლავთ ქალაქ ბათუმში მაცხოვრებელი, რომელმაც გასული ორი დღის განმავლობაში მიმართა ორ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას. მას არ ჰქონდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ცხელება და რესპირაციული ჩივილები. უჩიოდა მხოლოდ მუცლის ტკივილსა და დიარეას. მას სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გაეწია დახმარება. ეჭვის მიტანის შემდეგ გადაიყვანეს კლინიკა „მედალფაში“, სადაც ლაბორატორიული კვლევით კორონავირუსი დაუდასტურდა“, - უთხრა მედიას ნინო ნიჟარაძემ.

მისი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებთანაც დაინფიცირებულ ქალს კონტაქტი ჰქონდა, პერსონალი ძირითადად, ეკიპირებული იყო. ეკიპირების გარეშე მყოფი 2 თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს და 5 - კარანტინში.

ნინო ნიჟარაძის ცნობითვე, დაინფიცირებული ქალი არ ცხოვრობდა მრავალბინიან კორპუსში და არ აქვს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია. ის ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც მისი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

ამ ბოლო შემთხვევამდე აჭარის რეგიონში დადასტურებული იყო კორონავირუსით დაავადების 12 შემთხვევა. მათგან 4 გამოჯანმრთელდა.

7 აპრილის 11:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია COVID-19-ის 195 შემთხვევა. მათგან 39 გამოჯანმრთელებულია. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG