Accessibility links

გამყრელიძე: კანონი გვეუბნება დღეს, რომ ის ერთია მორწმუნისთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის


მოახლოებულ ქრისტიანულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ლიტურგიებზე დასწრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა ხალხს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

„ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. საგანგებო მდგომარეობის თანახმად, აკრძალულია ყველაზე მთავარი, ბევრი ადამიანის ერთად შეკრება, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ დაავადებასთან და ინფექციასთან ბრძოლის. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა გახლავთ ყველაზე დიდი ფუნდამენტური უფლება ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე რეკომენდაციას ვერ მივცემ და ვერ ვიტყვი, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ჩვენ ვიმოქმედოთ“, - თქვა გამყრელიძემ „ფეისბუკზე“ მიმდინარე პირდაპირ ეთერში.

ამირან გამყრელიძე შეზღუდვებს ასე განმარტავს: „კანონი გვეუბნება დღეს, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ის ერთია მორწმუნისთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეულ დისტანციებზე მყოფი სამ ადამიანზე მეტი. აქედან გამომდინარე, მაინც ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, რომ გამომდინარე დიდი საშიშროებიდან, რაც არსებობს ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში (როგორიც არის დღეს ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში), თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად, რამდენადაც შეგვიძლია, დავრჩეთ სახლში. მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვასა და წირვაში. იგივე, რომ ჩვენ დავიცვათ მათი და ჩვენი ჯანმრთელობა. ეს იქნება ჩემი უმორჩილესი თხოვნა და რეკომენდაცია მოსახლეობისადმი“.

1 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი ერთ-ერთი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.

ზიარების წესი კი უცვლელი რჩება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG