Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი მაღალჩინოსანი გადადგა ატომურ ავიამზიდზე კორონავირუსის სკანდალის გამო


თომას მოდლი
თომას მოდლი

თანამდებობიდან გადადგა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თომას მოდლი, რომელიც სკანდალში აღმოჩნდა ატომურ ავიამზიდ „თეოდორ რუზველტზე“ კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების შემდეგ.

მოდლიმ ავიამზიდის კაპიტანი ბრეტ კროზიე გასულ კვირაში დაითხოვა მას შემდეგ, რაც გემზე კორონავირუსის გავრცელების შესახებ ოფიციალურ პირებისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი მედიითაც გავრცელდა.

კაპიტანი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ატყობინებდა, რომ ავიამზიდზე კორონავირუსის აფეთქებაა და მეზღვაურების ევაკუაციას მოითხოვდა. კროზიე წერდა, რომ მეზღვაურები ომში არ არიან და არ უნდა იღუპებოდნენ.

თავის მხრივ, თომას მოდლიმ მიიჩნია, რომ კაპიტანმა ვერ უზრუნველყო, რომ წერილის შინაარსს არ გაეჟონა, არასაჭირო პანიკა შექმნა და კრიზისის დროს სიტუაციის შეფასების ცუდი უნარი გამოავლინა.

ატომური ავიამზიდი „თეოდორ რუზველტი“ კუნძულ გუამის პორტში იმყოფება. ეკიპაჟში 4000-ზე მეტი წევრია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, 230 მეზღვაურს COVID-19 უკვე დაუდასტურდა. ინფიცირებული აღმოჩნდა ყოფილი კაპიტანი ბრეტ კროზიეც.

ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, როგორ აცილებს ეკიპაჟის ასეულობით წევრი ტაშით მათ ყოფილ კაპიტანს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ჯეიმს მაკფერსონი დანიშნა. ესპერის განცხადებით, თომას მოდლი თანამდებობიდან გადადგა საკუთარი სურვილით და სამხედრო-საზღვაო ძალების და „თეოდორ რუზველტის“ მეზღვაურების ინტერესებიდან გამომდინარე.

თავდაცის მინისტრმა ისიც თქვა, რომ შეხვდა სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელებს და პრიორიტეტებად განუსაზღვრა ეკიპაჟის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ღია ზღვაში გემის რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება.

XS
SM
MD
LG