Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19 დაუდგინდა უცნობი წყაროთი ინფიცირებულ ბათუმელ პაციენტთან კონტაქტის მქონე 5 პირს


საქართველოში COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 12 ახალი შემთხვევიდან, რომლის შესახებაც ცნობილი დღეს დილით გახდა, 5 აჭარაში დაფიქსირდა.

ხუთივე მათგანს კონტაქტი ჰქონდა ბათუმელ ქალთან, რომელსაც კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა და ამჟამად კლინიკა "მედალფაში" იმყოფება. თავად ამ პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია.

COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებამდე ქალს კონტაქტები ჰქონდა ბათუმის ორ სამედიცინო დაწესებულებასთან, რომლებსაც მუცლის არეში ტკივილის და დიარეის გამო მიაკითხა, და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც მამის ოჯახში იმყოფებოდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დღეს, 8 აპრილს ჟურნალისტებს აცნობა, რომ პირველ ეტაპზე მოძიებულია 37 კონტაქტირებული პირი, რომელთაგან 17 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელია, 20 კი - ოჯახური კონტაქტი.

ლაბორატორიული კვლევისთვის პირველ ეტაპზე აიღეს 16 ნიმუში და მათგან 5 შემთხვევაში COVID-19 დადასტურდა. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, 5-დან ორი ოჯახური კონტაქტია, სამი კი - სამეზობლოს კონტაქტი. ინფიცირებული ქალის მამას და დას, თავის მხრივ, კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის სამედიცინო ცენტრთან.

„სამედიცინო პერსონალს შორის დადასტურება არ გვქონია, მაგრამ კონტაქტირებულ პირთა სია, სავარაუდოდ, გაიზრდება. ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ როგორც ოჯახებში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე ქობულეთის სამედიცინო ცენტრში პაციენტთა მიღება არის შეწყვეტილი და გაფართოებული რაოდენობის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ან კარანტინში არიან ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებთანაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ქალს. შეისწავლიან ხუთ ახალ პაციენტთან კონტაქტში მყოფ სამედიცინო პერსონალსაც და მოხდება მათი იზოლაცია და პროტოკოლის შესაბამისი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG