Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს


გიორგი ჭიღვარია
გიორგი ჭიღვარია

ქუთაისის მერიაში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი განცხადებას გადადგომის შესახებ დღეს დაწერს.

ამ დროისათვის გიორგი ჭიღვარიას თანამდებობიდან წასვლის ოფიციალური მიზეზი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მერის მოვალეობას მერის პირველი მოადგილე დავით ერემეიშვილი შეასრულებს.

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრები, გიორგი ჭიღვარიას შესაძლო გადადგომის მიზეზებზე ჯერ არ საუბრობენ და განცხადების გაკეთებას მოგვიანებით, მოვლენების განვითარების შესაბამისად აპირებენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ გიორგი ჭიღვარია შიდაპარტიულ და კლანურ დაპირისპირებას ეწირება.

გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს (მეორე ტური), 87,95 %-ით აირჩიეს. მისმა კონკურენტმა, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.

გიორგი ჭიღვარია პროფესიით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიკოსია, იგი არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მერად არჩევამდე გიორგი ჭიღვარია მუშაობდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობაზე: იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის შტაბის უფროსი, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, იყო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

გიორგი ჭიღვარიამ მერობის დასაწყისში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დააანონსა. მათ შორის იყო „თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც არაერთხელ გახდა ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა თუ ქუთაისელების კრიტიკის საგანი.

„რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი“, რომელიც ჭიღვარიას წინასაარჩევნო დაპირებაც იყო და მერად დანიშვნისთანავე დაიწყო იდეაზე მუშაობა, ამ დრომდე განუხორციელებელია.

გიორგი ჭიღვარია არაერთხელ გახდა ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატების კრიტიკის მიზეზი, რომელიც საბიუჯეტო თანხების არაწორად განკარგვას უკავშირდებოდა, ერთ-ერთი ასეთი კრიტიკა მხატვრების იტალიურმა პლენერმა დაიმსახურა.

იტალიის ქალაქ კოზანცეში საერთაშორისო პლენერზე "Bocs Art", ქუთაისელმა მხატვარმა ლევან გოგიტაძემ ქუთაისის მერის პორტრეტი დახატა. პლენერის დახურვის საღამოს, ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას პორტრეტიც გამოიფინა. კოზანცეში გამართულ ღონისძიებას გიორგი ჭიღვარია და ქუთაისიდან დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ, რასაც ოპოზიციამ ქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯი უწოდა.

ჭიღვარის წინააღმდეგ გაერთიანდა სამი ოპოზიციური პარტია, როცა საქართველოს პარლამენტის ქუთაისიდან საბოლოოდ გადასვლის გადაწყვეტილებას არ გამოესარჩლა. მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს „ევროპული საქართველოს, „ძალა ერთობაშიას“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა.

მერის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ქუთაისში სულ 63 საგზაო პროექტი განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულება 16 მილიონ ლარამდეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG