Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეკონსტრუირებული და რეკონსტრუქციის მოლოდინში - ცენტრალური ბულვარი და ხიდები ქუთაისში


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისთვის ქალაქის მერიამ სოციალურ ქსელში განათავსა წინასწარი პროექტის რამდენიმე ელემენტი. სასურველი დიზაინის შადრევნის, საფეხმავლო ბილიკების ფილებისა და ძელსკამების არჩევა ქუთაისელებს მარტის ბოლომდე შეუძლიათ მერიის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, მირზა ხიდაშელის, ინფორმაციით, „საბოლოო პროექტში გაითვალისწინებენ იმ დეტალებს, რომლებსაც მეტი მოწონება ექნება“.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის პროექტში გათვალისწინებული იქნება როგორც ინტერიერის, ასევე მწვანე საფრის განახლება და ლანდშაფტის შესაფერისი ახალი ნერგების დარგვა, რისთვისაც დაახლოებით 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

ქუთაისის ცენტრში მდებარე ქალაქის ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა საუკუნეზე მეტხანს ითვლის. ბულვარს რეკონსტრუქცია ბოლოს 13 წლის წინ ჩაუტარდა, არსებულ შადრევანს მეორე დაემატა, მოეწყო სარწყავი სისტემა და განახლდა საფეხმავლო ბილიკები. რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი ქალაქის მთავარი ბაღის ახალი რეკონსტრუქციის მომხრეა, თუმცა იმასაც ამბობს, რომ „უმჯობესი იქნება მანამდე ხარისხიანად დასრულდეს უკვე დაწყებული პროექტები“. მოქალაქეებს არ უნდათ, რომ ბულვარმა „თეთრი ხიდის“ ბედი გაიზიაროს.

თეთრი ხიდი
თეთრი ხიდი

„თეთრი ხიდის“ შესახებ მოქალაქეთა კრიტიკის საპასუხოდ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა ხიდაშელი ამბობს, რომ ხიდის რეკონსტრუქციის პროექტის ავტორმა უახლოეს დღეებში უნდა წარმოადგინოს ახალი პროექტი დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად და ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ხიდაშელის ინფორმაციით, „თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქციის დასამთავრებლად ტენდერი გამოცხადდება.

ქუთაისის მერიამ კიდევ ერთი ტენდერი გასული წლის ბოლოს გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანიაც გამოავლინა რუსთაველის ხიდის რეკონსტრუქციისა და მისთვის გარკვეული ელემენტების დამატების მიზნით, თუმცა სამუშაოების დაწყება გადაიდო. 1965 წელს აშენებულ ხიდს რეკონსტრუქცია 2014 წელს ჩაუტარდა, განახლდა მოაჯირები, ბორდიური და საფეხმავლო ნაწილზე ფილები დაიგო. შარშან გამოცხადებული ტენდერის პირობებით, ხიდზე დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების გასაკეთებლად დაახლოებით 118 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო. ნოემბერში, ტენდერის გამოცხადებისას, მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ჩხიკვაძემ თქვა, რომ უნდა დამზადებულიყო ვეფხვის 8, ფასკუნჯის 16 და ამდენივე ყურძნის მტევნის ფიგურა, რომლებიც ხიდის პირვანდელ პროექტში არქიტექტორ გივი თოდაძეს ჰქონდა გათვალისწინებული.

არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ჩხიკვაძე აცხადებდა, რომ რუსთაველის ხიდის რეკონსტრუქცია ობელისკების განთავსების გარდა გულისხმობდა გრანიტისა და ეკლარის ქვით მოპირკეთებული ხიდის ნაწილების სპეციალური მეთოდით გასუფთავებას, რაც ხიდს დაუბრუნებდა პირვანდელ იერსახეს.

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას, განმარტებით, რუსთაველის ხიდის რეკონსტრუქცია გადაიდო ობელისკების შესახებ არაერთგვაროვანი საზოგადოებრივი აზრის გამო. მერის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოქალაქეთა აქტიურად ჩართვას გეგმავენ.

რუსთაველის ხიდზე „ვეფხისტყაოსნისა“ და ზღაპრული პერსონაჟების გამოსახულებიანი ობელისკების განთავსების მიმართ ქუთაისელებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ. რესპონდენტები რეკონსტრუქციას მიესალმებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს ქალაქში არსებული სხვა პრობლემების მოგვარება.

XS
SM
MD
LG