Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: გვერდში დავუდგებით შაქრის მწარმოებელ ნებისმიერ საწარმოს


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

მთავრობამ გადაწყვიტა, დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს არა მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტულ კომპანიას, არამედ შაქრის ადგილობრივ წარმოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა BM.GE-ის მიერ დასმულ შეკითხვას, როგორ აპირებს მთავრობა, აამუშაოს „აგარის შაქრის კომბინატი“ და ჩააყენებს თუ არა ეს საწარმოს უპირატეს მდგომარეობაში სხვა კომპანიებთან შედარებით.

„როდესაც ვამბობთ, რომ დავეხმარებით აგარის შაქრის კომბინატს, ამით იმასაც ვამბობთ, რომ ნებისმიერი საწარმო, რომელიც აწარმოებს საქართველოში შაქარს, იგივე პირობებით ისარგებლებს. ამ ეტაპზე აგარის შაქრის კომბინატი ყველაზე მეტად არის მზად შაქრის წარმოებისთვის და პრაქტიკულად ორ თვეში შეძლებს წარმოების დაწყებას. თუკი რომელიმე კომპანია არის წარმოებისთვის მზად, ჩვენ მათაც დავუდგებით გვერდში სხვადასხვა მექანიზმებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ კითხვის პასუხად.

აგარის შაქრის კომბინატი ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო გასული წლის მარტში დაიხურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტრის კომბინატის ამუშავების დავალება რამდენიმე დღის წინ მისცა. თავის მხრივ, მინისტრმა განაცხადა, რომ კომბინატი 2 თვეში ამოქმედდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG