Accessibility links

უკრაინა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აღდგომამდე პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდნენ


უკრაინის მთავრობამ და რუსეთის მხარდაჭერით ამ ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედმა სეპარატისტებმა მიაღწიეს შეთანხმებას პატიმრების კიდევ ერთი ნაწილის გაცვლის შესახებ 19 აპრილამდე, როცა მართლმადიდებელი ეკლესიები აღდგომას აღნიშნავენ. ამის თაობაზე რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა, ეგრეთწოდებულ, „სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში“ გაავრცელეს ცნობა ვიდეო კონფერენციის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საიტის თანახმად, მოლაპარაკების დროს მიაღწიეს „ფუნდამენტურ შეთანხმებას დაკავებული პირების სიების გარშემო, მათი ორმხრივი გაცვლისთვის“ არაუგვიანეს, 19 აპრილისა.

საკონტაქტო ჯგუფში რუსეთის წარგზავნილმა, ბორის გრიზლოვმა განაცხადა, რომ კიევი და სეპარატისტები პრინციპულად შეთანხმდნენ სიების გარშემო. არ არის ჯერ ცხადი, როდის მოხდება პატიმრების გაცვლა. ვიდეო კონფერენციის ფორმატი არჩეულ იქნა კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული რჩევების თანახმად, რომ არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა.

მხარეებმა იმსჯელეს განაღმვის გარშემო და ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების დაშორიშორების თაობაზე. ახალი ზავის გარშემო მოლაპარაკებით კიევმა და სეპარატისტებმა ვერ შესძლეს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. 2014 წლიდან მიმდინარე კონფლიქტმა აღმოსავლეთ უკრაინაში, გაეროს თანახმად, 13200 ადამიანი შეიწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG