Accessibility links

კარლ ჰარცელი: ევროპა დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტის  გამოყოფას საქართველოსთვის


საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას, რათა დაეხმაროს საქართველოს კოვიდ-19-თან გამკლავებაში.

”ვიდრე ევროპა თავად იბრძვის კოვიდ -19 პანდემიის მწვავე შედეგების დასაძლევად, იგი კვლავ პარტნიორების გვერდით დგას. სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად კოვიდ-19–თან გამკლავებაში”, - ამბობს კარლ ჰარცელი.

ელჩის თანახმად, ევროკავშირის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ გაჯანსაღებას და დაეხმარება ქვეყანას წარმატებით გაართვას თავი ამ რთულ ეკონომიკურ პერიოდს.

კარლ ჰარცელი განმარტავს, რომ აღნიშნულ თანხას საქართველო გრანტის სახით მიიღებს:

„მთელი ეს დაფინანსება მოდის როგორც გრანტი და არა როგორც სესხი და იგი ემატება დახმარების პაკეტს, რომლის შესახებ ევროკავშირმა გასულ კვირას გამოაცხადა. საქართველოსთვის ევროკავშირის მთლიანი დახმარება 250 მილიონ ევროზე მეტია”, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირმა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში პარტნიორი ქვეყნების მხარდამჭერი გლობალური რეაგირების შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირმა პარტნიორების დასახმარებლად 15 მილიარდ ევროზე მეტი თანხის გადამისამართების ვალდებულება აიღო. აღნიშნული თანხიდან საქართველო საქართველო 183 მილიონ ევროს მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG