Accessibility links

Amnesty International-ი: ირანის უშიშროების ძალებმა 30-ზე მეტი პატიმარი დახოცეს ამბოხებისას


ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ, მისი აზრით, ირანის უშიშროების ძალებმა 30-ზე მეტი პატიმარი დახოცეს ამბოხებისას, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შიშით იყო გამოწვეული.

უკანასკნელ დღეებში ირანის, სულ მცირე, რვა ციხეში ათასობით პატიმარმა მოაწყო საპროტესტო ამბოხება ინფიცირების შიშის გამო. Amnesty International-მა, რომელსაც ლონდონში უდევს ბინა, 9 აპრილს განაცხადა, რომ ამბოხებას სისხლიანი პასუხი მოჰყვა ციხის დაცვისა და უშიშროების ძალების მხრიდან.

ორგანიზაციამ, რომელიც, მისი თქმით, სანდო წყაროებს, მათ შორის პატიმართა ნათესავებს იმოწმებს, განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საბრძოლო ვაზნები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა რიგ პენიტენციურ დაწესებულებაში. საერთო ჯამში 35-მდე ადამიანი იქნა მოკლული და ასობით დაიჭრა.

ორგანიზაციის თანახმად, სულ მცირე, ერთ ციხეში პატიმრებს, რომლებიც ამბოხებაში მონაწილეობდნენ, სცემეს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ ერთი პატიმარი გარდაიცვალა.

„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას რეაგირება მოეხდინა პატიმართა კანონიერ მოთხოვნაზე, დაცული ყოფილიყვნენ COVID-19-ისგან, ირანის ხელისუფლებამ კვლავ აირჩია ადამიანების მოკვლა, რათა ჩაეჩუმებინა მათი შეშფოთება,“ განაცხადა Amnesty International-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონული განყოფილების დირექტორის მოადგილემ, დაიანა ელტაჰავიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG