Accessibility links

რა არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობა? 


ავტორი: თამუნა ჩანტლაძე

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ჯანმრთელობის უფლებას მოაიზრებს ღირსეული ცხოვრების უფლების სათანადო უზრუნველყოფის ჭრილში. აღნიშნული დეკლარაციის გარდა ჯანმრთელობის უფლება აღიარებულია არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით, მათ შორის ამ უფლების მაღალ სტანდარტს აწესებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, რომლის მე-12 მუხლით, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას ჰქონდეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლესი დონე.

ჯანმრთელობის უფლება, როგორც მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურეობაზე გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მარეგულირებელი ძირითადი სამართლებრივი აქტებია საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. სტატიაში მოკლედ იქნება განხილული თუ რას მოიცავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზუსტი დეფინიცია ზ/ხსენებულ სამართლებრივ აქტებში მოცემული არ არის. თუმცა კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა არის ღონისძიებათა ერთობლიობა მათ შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა, გადამდები და არაგადამდები დაავადებების თვიდან აცილება, რომელთა განხორციელებით მიღწეული იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობა.

ამერიკის სამედიცინო ინსტიტუტი ( IOM ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობას განმარტავს როგორც ქმედებებს, რომელსაც საზოგადოება ერთიანად ახორციელებს ადამიანთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

სამეცნიერო ლიტერატურაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ტერმინი მრავალგვარად არის განმარტეული, თუმცა მათ შორის დღემდე ყველაზე სრულყოფილად ითვლება ამერიკელი ბაქტერიოლოგისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტის ჩარლზ უინსლოუს წარმოდგენილი დეფინიცია, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობა არის მეცნიერება და ხელოვნება დაავადებათა პრევენციის, სიცოცხლის გახანგრძლივების, ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის შესახებ, საზოგადოების ორგანიზებული ძალისხმევით, გარემოს სანიტარიის გაჯანსაღებით, ინფექციებთან ბრძოლით, პირადი ჰიგიენის კუთხით მოსახლეობის განათლებით, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და პრევენციული მკურნალობისთვის სამედიცინო საექთნო მომსახურების ორგანიზებით, იმ სოციალური მექანიზმების შემუშავებით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისთვის შესაბამის ცხოვრების ხარისხს და ამ უპირატესობების გამოყენებით თითოეულ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას უზრუნველყოს სიცოცხლის უფლების გახანგრძლივება.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, როგორც მრავლისმომცველი სფეროს დაცვა უზრუნველყოფილია კანონით. საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას განმარტავს, როგორც სახელმწიფო ვალდებულებათა სისტემას, რომლის მიზანია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და, შესაბამისად, კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის გზით, ხოლო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა მოიცავს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობას.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სრულყოფილად დაცვისთვის მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული ადამიანის, ასევე მთლიანი საზოგადოების ძალისხმევა გაითვალისწინოს ყველა ის პრევენციული ზომა, რომელიც საბოლოო ჯამში მიმართულია ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანდაცვის მაღალი დონის მისაღწევად.


ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG