Accessibility links

სოფელ ხიდისყურში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა


COVID-19-ის კიდევ ერთი შემთხვევაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში. პირს, რომელსაც ახალი სახეობის კორონავირუსი დაუდგინდა, კონტაქტი ჰქონდა ოჯახთან ერთად თბილისიდან ჩასულ ქალთან. მას COVID-19 ლაბორატორიულად 12 აპრილს დაუდასტურდა. მეორე ინფიცირებული სოფლის მცხოვრებია.

ხაშურის მინიციპალიტეტის გომის თემში შემავალ სოფელ ხიდისყურში კარანტინის ზომები გამკაცრდა. სოფლის შესასვლელ-გასასვლელებს პოლიცია აკონტროლებს.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნა 9 ნიმუში და მათგან ერთ შემთხვევაში დადებითი პასუხია.

„იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსული ინფექციის შემდგომი გავრცელების ლოკალიზება, გამკაცრდა ზომები. სოფლის შესასვლელებში ხორციელდება საპოლიციო კონტროლი და შექმნილ ვითარებაზე ინფორმირებულია ცენტრალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. ცოტა ხანში ცნობილი იქნება შემდგომი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა, რომელიც ვითარების გასაცნობად ადგილზე ჩავიდა.

13 აპრილის 13:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 266 შემთხვევა. მათგან 67 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საზღვარგარეთ გარდაცვლილია საქართველოს 6 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG