Accessibility links

მუშავდება პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კონკრეტული გეგმა


ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ახლა მუშავდება გეგმა, როგორ და როდიდან შეიძლება დაიწყოს ქრონიკული დაავადებების მქონე პირების და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინით.

ეკატერინე ტიკარაძემ ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„გართულებების თავიდან ასაცილებლად ეს აცრა ნამდვილად იქნება ეფექტური, ვინაიდან და რადგანაც, ამ აცრასთან დაკავშირებით არსებობს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და მტკიცებულება, რომ ის არის ეფექტური. ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყანა მიმართავს თავის მოსახლეობაში ამ აცრებს. ჩვენს შემთხვევაში მიმდინარეობს დეტალური დამუშავება იმ აცრების კალენდრის, თუ როგორ და როდის მოხდება ქრონიკური დაავადების მქონე პირების აცრა პნევმოკოკის აცრით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი სიტყვებით, პროექტის დასრულების შემდეგ შესაბამისი ზომები და ღონისძიებები გატარდება.

პირველად პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ 6 აპრილს ისაუბრა „რუსთავი 2“-ის ეთერში და აღნიშნა, რომ საქართველოში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა იგეგმება. ამის საფუძველი კი, მისი განმარტებით, გახდა კვლევა, რომლის თანახმადაც მოწყვლად ჯგუფებში სიკვდილიანობის გამომწვევი მრავლობითად განვითარებული პნევმონიებია. ჯანდაცვის მინისტრის სიტყვებით, ევროპელი კოლეგების რეკომენდაციით, დაგეგმილია 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG