Accessibility links

დეგნანის მიმართვა - აშშ საქართველოს გამოუგზავნის 2000 სწრაფი ტესტის კომპლექტს


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახლიდან ჩართვისას ჰყვება, როგორ ეხმარება შეერთებული შტატები საქართველოს კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში. მან ილაპარაკა ამერიკელი ხალხის $140 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარებაზე, რომელიც მიმართული იყო საქართველოსთვის უნარიანი, მტკიცე და პროფესიონალური ჯანდაცვის ეროვნული სისტემის შექმნისკენ. ასევე, ელჩმა აღნიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) უახლესი დახმარება, $1.1 მილიონი, რომელიც ჯანდაცვას მოხმარდება.

„ახალი დახმარების პროგრამა ხელს შეუწყობს ინფექციის კონტროლსა და პრევენციას, ასევე ვირუსით დაინფიცირების შემთხვევათა იდენტიფიცირებას. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია ტექნიკური დახმარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს რეაგირებისა და ეპიდემიის კონტროლის შესაძლებლობის გაუმჯობესებას, აგრეთვე, საგანგებო ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. საგულდაგულოდ შედგენილი დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს, შეავსოს ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც საქართველოს მთავრობა და მოქალაქეები, ჯანდაცვის მუშაკები და დონორები ასრულებენ”, - აღნიშნავს ელჩი.

როგორც დეგნანი ამბობს, საქართველოს ეხმარება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც. საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას.

„ჩვენ ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია”, - თქვა ელჩმა, ამასთან, როგორც დეგნანი აცხადებს, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწარაფი ტესტის კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა, - „და, რა თქმა უნდა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრები, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი ახორციელებს მნიშვნელოვან სამუშაოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან პარტნიორობით. მათი საქმიანობა ხელს უწყობს COVID 19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირების შესაძლებლობის განვითარებას ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში“.

როგორც ელჩი ამბობს, გარდა ჯანმრთელობის რისკებისა, COVID 19-ით გამოწვეული კრიზისი ძლიერ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკას. საქართველოს მთავრობამ გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკონომიკის დასახმარებლად, რაშიც ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეაქვს წვლილი სხვადასხვა გზით. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ახლახან გადასცა საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს 800 000 დოლარის ღირებულების თანამედროვე აღჭურვილობა, იმისათვის, რომ ფერმერებმა შეძლონ ფაროსანასგან თხილის მოსავლის დაცვა. ამ წლის უხვი მოსავალი მნიშვნელოვანია როგორც ფერმერებისთვის, ასევე საქართველოდან თხილის ექსპორტისთვის.

კელი დეგნანის თქმით, ამერიკის საელჩო მრავალი მიმართულებით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, როდესაც COVID-19 საფრთხე ჩაივლის.

ელჩის თანახმად, მხოლოდ ამერიკის საელჩო არაა, ვისაც დახმარების სურვილი აქვს. „საქართველოში მოქმედი რამდენიმე ამერიკული კომპანიაც ეხმარება ქართველებს ამ რთულ ვითარებაში. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა 3 მილიონი ლარი ჩარიცხეს StopCoV ფონდში. გარდა ამისა, რამდენიმე ამერიკული ბრენდის სასტუმრომ, როგორიცაა „მარიოტ ჰოტელ მოქსი” „რადისონ პარკ ჰოტელი” და „შერატონ გრანდი” საქართველოს მთავრობას ამ სასტუმროების საკარანტინო სივრცედ გამოყენება შესთავაზა. ეს გამოათავისუფლებს საწოლებს საავადმყოფოებში COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის. „კოკა-კოლა” ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონებში პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს. ამერიკის სავაჭრო პალატის დახმარება მხოლოდ ფინანსური შეწირულობით და საკარანტინო სივრცეებით არ შემოიფარგლება. იგი, აგრეთვე, მოიცავს ზომებს ფინანსური ზეწოლის შესამცირებლად სესხებზე საშეღავათო პერიოდის უზრუნველყოფით, ლაბორატორიული ტესტის კომპლექტებისა და პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გადაცემას, ინვესტიციებს ტექნოლოგიებში, რომ მოსწავლეებმა დისტანციურად შეძლონ სწავლის გაგრძელება“, - აცხადებს ელჩი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG