Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაშურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა 


COVID-19-ის კიდევ ერთი შემთხვევაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში. პირს, რომელსაც ახალი სახეობის კორონავირუსი დაუდგინდა, კონტაქტი ჰქონდა ოჯახთან ერთად თბილისიდან ჩასულ ქალთან. მას COVID-19 ლაბორატორიულად 12 აპრილს დაუდასტურდა. მეორე ინფიცირებული სოფლის მცხოვრებია. ის ახლო კონტაქტში იმყოფებოდა 30 წლის ქალთან, რომელიც, ხიდისყურელების თქმით, თარჯიმანია და ხშირად მიდიოდა თბილისში. მეორე ინფიცირებული 30 წლის ქალის ნათესავი და მეზობელია. სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფთა ნიმუშები იგზავნება ლაბორატორიაში.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გომის თემში შემავალ სოფელ ხიდისყურში კარანტინის ზომები გამკაცრდა. სოფლის შესასვლელ-გასასვლელებს პოლიცია აკონტროლებს. ხიდისყურში ვითარების ადგილზე გასაცნობად ჩავიდა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული. გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნა 9 ნიმუში და მათგან ერთ შემთხვევაში დადებითი პასუხია.

„იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსული ინფექციის შემდგომი გავრცელების ლოკალიზება, გამკაცრდა ზომები. სოფლის შესასვლელებში ხორციელდება საპოლიციო კონტროლი და შექმნილ ვითარებაზე ინფორმირებულია ცენტრალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. ცოტა ხანში ცნობილი იქნება შემდგომი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

სოფელში დეზინფექცია უტარდება იმ ადგილებს, სადაც ინფიცირებულები მოძრაობდნენ. მაგალითად, დაკეტილია ის მაღაზია, სადაც ისინი პროდუქტებს ყიდულობდნენ. მიმდინარეობს ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა და დაკვირვება. დაინფიცირებულთა ოჯახის წევრები კარანტინში იმყოფებიან. სოფელს სამართალდამცავები აკონტროლებენ და ადგილობრივ მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში კი მკაცრი ზომები მოიხსნება. 54-წლის მეჯვრისხეველი კაცი, რომელსაც სომხეთში COVID-19 დაუდგინდა, ჯანმრთელია. თბილისში გადმოყვანის შემდეგ ჩატარებული ტესტირებისას უარყოფითი პასუხი ორჯერ დაფიქსირდა.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მარი გიუნაშვილი, აცხადებს, რომ აღნიშნულ პიროვნებას, ჩატარებული კვლევებით, კორონავირუსი, მართლაც, არ დაუდგინდა

„თბილისში გადმოყვანის შემდეგ ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა. ორივე შემთხვევაში ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ჩვენ ვერ ვიტყვით, სომხეთში ჰქონდა თუ არა კორონავირუსი, იქ გარკვეული სახის მკურნალობა ჩაუტარეს. აქ გადმოყვანის შემდეგ ორივე პასუხი უარყოფითი მივიღეთ“, - აცხადებს მარი გიუნაშვილი.

54 წლის კაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებია. მას სომხეთის მიმართულებით ტვირთი გადაჰქონდა. მან საქართველო-სომხეთის საზღვარი 1 აპრილს გადაკვეთა. სომხეთის ჯანდაცვის ცენტრმა თბილისს აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე ახალი სახეობის კორონავირუსით იყო დაინფიცირებული.

მეჯვრისხეველი კაცი სომხეთიდან საქართველოში ჯერ 14 მარტს დაბრუნდა. სოფელ მეჯვრისხევში ის 31 მარტამდე იმყოფებოდა. შემდეგ ისევ სომხეთში გაემგზავრა სატვირთო მანქანით, საზღვარზე კი უთხრეს, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა. სოფელ მეჯვრისხევში კაცის ოჯახის წევრებს და ახლო კონტაქტში მყოფ პირებს კვლევა ჩაუტარდათ, მაგრამ ყველას უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა.

XS
SM
MD
LG