Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ! მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუკზე“ მიმდინარე პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ჯერჯერობით დუნედ მიდის, თუმცა გუშინდელი სიგნალი უკვე სერიოზული ნახტომია.

„ჩვენ ერთი წუთი მოდუნების და დამშვიდების უფლება არ გვაქვს. ვატყობ, რომ გუშინ-გუშინწინ ქალაქში ისევ დადიოდა ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში. ადამიანები ისევ იკრიბებიან. ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ! მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. იმიტომ, რომ 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია, სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად“, - თქვა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, როგორც მათ, ასევე, ბევრ უნივერსიტეტსა და საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს სხვადასხვა მოდელირების ინსტრუმენტი, მაგრამ არცერთ ქვეყანაში ის ზუსტად არ ემთხვევა რეალური სიტუაციას.

„ჩვენ ბევრი გავაანალიზეთ და ერთზე შევჩერდით, რომლის მიხედვითაც, თუ ჩვენ მოვადუნეთ დღეს სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში, ქვეყანაში რამდენიმე ათასი შემთხვევა გვექნება. იანგარიშეთ, რომ 20-30%-ს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და, სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგები. ამიტომ, ყველაფერ ამას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ვთხოვ, საქართველოს მოსახლეობას, რომ დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოს მთავრობის ვებგვერდის, Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში არის კორონავირუსის დადასტურებული 296 შემთხვევა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 69, გარდაიცვალა სამი ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 856. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 458. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG