Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ „პირველი არხის“ ეთერში რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე ილაპარაკა.

„დღეს, მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გვაქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. ხვალ ჩემს თანამშრომელს ასაფლავებენ, ზურა მირიანაშვილს, კაცს, რომელსაც ოთხი სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და ყოველ დღე და ღამეს ათენებდა, მუშაობდა, ვერ გავაჩერეთ, რადგან იცოდა, რომ თავის სამშობლოს ემსახურებოდა, თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ზურას ხსოვნის გულისთვის, ხალხო, ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩავყაროთ ეს ყველაფერი. არ შეიძლება ასე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ეს არ ეხება, სხვათა შორის, მარტო ეკლესიას, ეს ეხება იმასაც, რომ ოჯახებში ვრცელდება. ხომ ხედავთ, სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით. თითო ოჯახში ხუთი, ექვსი, შვიდი ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში, ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭიროა, არათუ გარეთ”, - ამბობს პაატა იმნაძე.

იმუნოლოგი აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თემასაც შეეხო: „მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, დღეს ერთხელ ვთქვათ უარი იმისათვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს. ეს გავიგოთ ყველამ. იგივე ეკლესია გადარჩეს, ამისკენ მოგიწოდებთ. ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ეკლესია, ჩვენი ეკლესია“.

იმნაძის თქმით, დღემდე არსებობდა დინამიკა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში შედარებით ნაკლები დანაკარგი იყოს.

„აქ საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკურ დანაკარგებზე, აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე, ნაკლები ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე გავუძვრებით ამ ეპიდემიას, თუ არა მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა?! დავრჩეთ სახლში.

ქვეყანაში არის ფართო შიდა გადაცემა დაწყებული. ეს რას ნიშნავს – ეს ნიშნავს, რომ დღეს ჩვენს გვერდით არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები, ისინი გადამდები ხდებიან უკვე სიმპტომების დაწყებამდე ერთი დღით ადრე. ანუ შეიძლება იმ დღეს არაფერი ჰქონდეს. როდესაც მცირედ გამოხატული სიმპტომები აქვთ, უკვე გადამდები არიან. ასეთები დღეს ჩვენს გარშემო არიან“, - დასძენს იმნაძე.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საზოგადოებას გააცნო საპატრიარქოს პოზიცია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხზე.

ტაძრებში მრევლის განაწილების საკითხზე მღვდელი აღნიშნავს, რომ „დიდ ტაძრებში საუბარია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG