Accessibility links

გერმანია კარანტინის რეჟიმს ამსუბუქებს


ბერლინის დაცარიელებული ცენტრი

გერმანიის მთავრობა იწყებს კორონავირუს COVID-19-ის ეპიდემიის გამო დაწესებული მკაცრი კარანტინის შემსუბუქებას. გადაწყვეტილება 15 აპრილს, საღამოს მიიღეს კანცლერ ანგელა მერკელის და გერმანიის 16 ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრების თათბირზე.

გერმანული მაუწყებლის DW-ს ინფორმაციით, 20 აპრილიდან გაიხსნება მაღაზიები, რომელთა სავაჭრო ფართი 800 კვადრატულ მეტრამდეა. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენური ნორმების და სოციალური დისტანციის დაცვა. მუშაობას განაახლებენ ავტოსალონები და ველოტრანსპორტის და წიგნის მაღაზიებიც.

ამასთან, ისევ ძალაშია ყველა სხვა შეზღუდვა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია. გერმანიაში დახურულია კაფეები, რესტორნები და სასტუმროები. აკრძალულია ეკლესიებში, მეჩეთებსა და სინაგოგებში შეკრება. აგვისტოს ბოლომდე აკრძალულია კონცერტები და სხვა მასობრივი ღონისძიებები.

4 მაისიდან დაგეგმილია სკოლების მუშაობის ნაწილობრივ განახლება. პირველ ეტაპზე სწავლას უფროსკლასელები გააგრძელებენ.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ინფორმაციით, კარანტინის შემდგომ შემსუბუქებაზე 30 აპრილს იმსჯელებენ.

გერმანიაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შედარებით იკლო კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა, თუმცა, ბოლო ორ დღეში მომატებულია გარდაცვლილთა რიცხვი. საერთო ჯამში, ქვეყანაში უკვე დაავადდა 134 700-ზე მეტი ადამიანი. მათგან 3800-ზე მეტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG