Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 საათიდან საქართველოში შეწყდება მსუბუქი ავტომანქანებით მიმოსვლა


დღეს, 12 საათიდან საქართველოში სრულად აიკრძალება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება. აკრძალვა 21 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს.

საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება 16 აპრილს, გვიან საღამოს მიიღო. მიზეზად დასახელდა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების სწრაფი ზრდა. ერთ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი 140-ით გაიზარდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა და მოქალაქეებს მუდმივად მოუწოდებენ სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ, მოძრაობა მაინც საკმაოდ ინტენსიური იყო.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უარყო, რომ მსუბუქი ავტომანქანებით მიმოსვლის აკრძალვა უკავშირდება საპატრიარქოს უარს, მრევლის გარეშე ჩატარდეს სააღდგომო წირვა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას 19 აპრილს აღნიშნავს.

ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა არ ეხება ტვირთების გადაზიდვას და დისტრიბუციას. მთავრობის ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა და "მიტანის სერვისი" საქმიანობას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ. კომპანიებმა, რომელთა საქმიანობა არ აკრძალულა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების ნებართვის მისაღებად უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზითაც 144.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ თუ ყველა ზედმიწევნით არ დაიცავს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს, ეპიდემიოლოგიური ვითარება გამწვავდება და მთავრობას მოუწევს ზომების უკიდურესად გამკაცრება და მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის დაწესება.

COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტს გამოაცხადა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა, რომლის გაგრძელებას 10 მაისამდე აპირებს. 31 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს "ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი" და ე.წ. კომენდანტის საათი.

17 აპრილის 8:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 348 შემთხვევა. მათგან 76 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG