Accessibility links

გამოქვეყნდა საქართველოში ახალი აკრძალვების და წესების განმარტება


17 აპრილის 12:00 საათიდან საქართველოში ამოქმედდება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად ახალ აკრძალვებს და წესებს მოიცავს.

„საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა მთავრობის მიერ 23 მარტის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები, ხოლო მთავრობის ფეისბუკის გვერდზე ახალი აკრძალვების და წესების განმარტება

იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით. არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება.

შეზღუდვა ეხება ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც.

მათ, ვისთვისაც ეკონომიკური საქმიანობა ნებადართულია, საშვის მოსაპოვებლად უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროს, მაგალითად, სოფლის მეურნეობის, ან ეკონომიკის სამინისტროს.

დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს თანამშრომელთა გადაადგილება მიკროავტობუსით და ავტობუსით. ნებართვის მისაღებად კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს.

თუ ეწევით ისეთ საქმიანობას, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და გადაადგილება საქმიანობიდან გამომდინარე წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე - 144.

სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია:

თუ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები (მაგალითად, დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.). ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად თანხმლებ პირთან ერთად.

თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღება(დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. ამის საფუძველზე, გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება.

საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის მიტანის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება დასაშვებია. შესაბამისად, შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. „დელივერი“ სერვისით.

საქართველოს მასშტაბით იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვას.

პირბადის ტარების ვალდებულება გაქვთ ყველა დახურულ საჯარო სივრცეში (აფთიაქში, სასურსათო მაღაზიაში და სხვა).

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გადაადგილება (ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.). სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG