Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თიმში" კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-ია, საავადმყოფო დროებით იხურება


ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის გამო, თბილისის მედიცინის ინსტიტუტი დროებით იხურება. კლინიკის დირექტორმა ლევან ყურაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ დროისათვის „თიმში“ ახალი კორონავირუსით ინფიცირების 12 დადასტურებული შემთხვევაა. ლევან ყურაშვილის თანახმად, ინფიცირებულებიდან 2 ექიმია, 5 ექთანი და 5 პაციენტი:

„დახურვის პროცესში ვართ, იქნება სრული კარანტინი, არც ერთი პაციენტი აღარ დარჩება საავადმყოფოში, მოხდება დეზინფექცია ყველაფრის. ამასობაში თანამშრომლებს კარანტინში ყოფნის ვადა დაუმთავრდებათ და მერე მოხდება თავიდან რესტარტი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ყურაშვილმა.

მისი განმარტებით, საავადმყოფოს მედპერსონალი სრულად იმყოფება კარანტინისა და თვითიზოლაციის რეჟიმში. ლევან ყურაშვილის თანახმად, მათი რიცხვი 100 ადამიანს აღემატება.

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსის ინფიცირების სავარაუდო წყარო კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელია:

„დადასტურებით როგორ გეტყვით, მაგრამ დიდი ალბათობით ინფიცირების წყარო არის ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი, რომელსაც გადაედო მისი ოჯახის წევრისგან. ეს არის ექთანი“, - განაცხადა ლევან ყურაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, „თიმის“ ექთნის ძმა არის თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის მღვდელი გიორგი პაპავა, რომელიც ამ დროისთვის კოვიდ-19-ის დიაგნოზით აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ხარების დღესასწაულზე და მომდევნო დღეს მან ეკლესიაში ღვთისმსახურებაში მიიღო მონაწილეობა და ეზიარა კიდეც.

17 აპრილის 17 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 370-ია. გამოჯანმრთელდა 79, გარდაცვლილია 3 ინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG