Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემიის გამო რუსეთში გადაიდო ჟურნალისტ პროკოფიევას სასამართლო


სვეტლანა პროკოფიევა
სვეტლანა პროკოფიევა

რუსეთის სასამართლომ კორონავირუსის პანდემიის გამო გადადო ჟურნალისტ სვეტლანა პროკოფიევას პროცესი. პროკოფიევას ბრალი ედება ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულში, რადგან მან გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც თვითმკვლელი მოიერიშეების თავდასხმები დაკავშირებული იყო ქვეყნის პოლიტიკურ კლიმატთან.

ფსკოვის სასამართლომ 20 აპრილს გამოსცა ბრძანება, რომ პროცესი რუსეთშიც მძვინვარე კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდება "ქვეყანაში სანიტარიული და ეპიდემოლოგიური ვითარების ნორმალიზაციამდე".

პროკოფიევა, რომელიც რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ფრილანსერი ჟურნალისტიცაა, ამ გადაწყვეტილებას უწოდებს "სწორს, რადგან ჩვენ გვჭირდება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ღია სასამართლო პროცესი". მისი ადვოკატის, ვიტალი ჩერკასოვის თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.

"ტერორიზმის გამართლების" ბრალდება უკავშირდება 2018 წლის ნოემბრის სტატიას, რომელიც გამოაქვეყნა რადიო "ეხო მოსკვის" ფსკოვის ფილიალმა. ამ წერილში პროკოფიევა ლაპარაკობდა ჩრდილოეთის ქალაქ არხანგელსკში, უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფისების წინ განხორციელებულ თავდასხმაზე. რუსეთის მედია მაშინ იუწყებოდა, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, რომელიც აფეთქებისას დაიღუპა, სოციალური მედიით უშიშროების სამსახურს ადანაშაულებდა სისხლის სამართლის საქმეების გაყალბებაში. თავის წერილში პროკოფიევამ ამ თინეიჯერის განცხადებები დაუკავშირა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირობებში შექმნილ პოლიტიკურ კლიმატს. პროკოფიევა წერდა, რომ ქვეყანაში მკაცრადაა შეზღუდული პოლიტიკური აქტივიზმი, რაც ადამიანებს სასოწარკვეთაში აგდებს.

მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პროკოფიევა უწოდებს რუსეთში "სიტყვის თავისუფლების მკვლელობას".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG