Accessibility links

ვლადიკავკაზში დაშალეს კარანტინის საწინააღმდეგო აქცია


რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონულ დედაქალაქ ვლადიკავკაზში სპეცრაზმმა დაშალა სპონტანური აქცია, რომლითაც ასობით მოქალაქე აპროტესტებდა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით ამოქმედებულ კარანტინს და მოითხოვდა რესპუბლიკის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ბიტაროვის გადადგომას.

ვლადიკავკაზში 20 აპრილს გამართული აქციის მონაწილეებიდან ბევრი უარს აცხადებდა ნიღბების ტარებაზე, რითიც არ ემორჩილებოდა ჯანდაცვის სფეროს ადგილობრივ და სახელმწიფო მესვეურებს. აქციის დაშლამდე პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა, თუმცა ასობით მოქალაქემ შეძლო ქალაქის მთავარ მოედანთან მისვლა, სადაც მათ რეგიონის მმართველთან, ვიაჩესლავ ბიტაროვთან მოითხოვეს შეხვედრა.

ბევრი დემონსტრანტი ჩიოდა, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ვირუსსა და მის მსხვერპლზე. ზოგი აცხადებდა, რომ სამსახური დაკარგა ვირუსის შესაჩერებლად დაწესებული თვითიზოლაციის ზომების გამო.

მოგვიანებით ბიტაროვი დემონსტრანტებს შეხვდა და მათ სახლებში წასვლისკენ მოუწოდა. "ეს დაავადება მე არ გამომიგონებია და მისი ერთადერთი მკურნალობა არსებობს: დარჩით სახლში", - რუსეთის მედიის თანახმად, ბიტაროვმა ამ სიტყვებით მიმართა დემონსტრანტებს.

რეგიონი, რომელიც საქართველოსა და ჩეჩნეთს ესაზღვრება, იუწყება კორონავირუსით ინფიცირების 145 შემთხვევაზე და ორ გარდაცვლილზე. რუსეთის სხვა დიდი ქალაქების მსგავსად, ვლადიკავკაზშიც დაწესდა კარანტინი და თვითიზოლაციის წესები, ქალაქის 300,000 მცხოვრებლისთვის.

საპროტესტო აქციას ნაწილობრივ ბიძგი მისცა ჩრდილოეთ ოსეთის ცნობილმა საოპერო მომღერალმა და მთავრობის კრიტიკოსმა, ვადიმ ჩელდიევმა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით შემოღებული შეზღუდვების წინააღმდეგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG