Accessibility links

ლავროვი: სალომე ზურაბიშვილის აგრესიული განცხადებები ხელს არ უწყობს სწორი ატმოსფეროს შექმნას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს, მაგრამ იმის გამო, რომ შეწყვეტის ინიციატორი არ ყოფილა, „ალბათ, უნდა დაველოდოთ, როცა ქართველი კოლეგები ამ საკითხამდე მივლენ“.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა.

სერგეი ლავროვს საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ შეკითხვა „გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე დაუსვა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. ის ლავროვს წარუდგინეს „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორად.

ლორთქიფანიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. საპასუხოდ ლავროვმა თქვა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობაც გახსნას. მისივე განცხადებით, იმედია, უახლოეს ხანში გადაწყდება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მთავარია, თბილისში არ იყოს რუსოფობიური კამპანია. ლავროვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დროს მომხდარი „ექსცესები“ ახსენა და ისიც თქვა, რომ ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთი და რეგიონში მისი მიზნები ისევ მკვეთრი და აგრესიული ფორმით მოიხსენია. ლავროვის შეფასებით, მსგავსი აგრესიული განცხადებები ხელს არ უწყობს „საზოგადოებრივი აზრის სწორი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას“.

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი პროვოკაციების გაგრძელებაში 17 აპრილს დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან ე.წ. საზღვრის მონიშვნა დაიწყეს. სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ როცა მსოფლიო საერთო მტერს - კორონავირუსს ებრძვის და საერთაშორისო სოლიდარობა ასე მნიშვნელოვანია, რუსეთი თავის რეალურ სახეს აჩვენებს.

პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.

რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG