Accessibility links

logo-print logo-print

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქციას აანონსებს


საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.

23 აპრილს 14 საათზე ჯაფარიძე გეგმავს, პროტესტი იპოდრომის ტერიტორიაზე გამოხატოს.

"დისტანციას დავიცავთ", - წერს ჯაფარიძე ფეისბუკ ღონისძიების აღწერაში და განაგრძობს: "თუ პოლიციელი დაინტერესდება თქვენით - უბრალოდ სეირნობთ იპოდრომზე. შესაბამისად, ვერ დაგაჯარიმებენ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის".

ჯაფარიძის განცხადებით, არავის აუხსნია, რა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა და რა კონკრეტული შედეგები მოიტანა ბლოკპოსტებმა სამხედროებით, ქუჩების რეცხვამ, რაიონების ჩაკეტვამ, საკომენდანტო საათმა, მანქანაში ჯდომის წესებმა, ბაზრების დაკეტვამ, ბიზნესების გაჩერებამ, სავალუტო ჯიხურების დახურვამ, მილიონობით ჯარიმებმა და სხვა. მისი აზრით, ხელისუფლებას "გაუტკბა ძალაუფლებით თამაში" და სურს მოსახლეობის შიშებზე თამაში და ეპიდემიასთან წარმატებული ბრძოლის სურათის პოლიტიკურ დივიდენდებად თარგმნა.

"და ამას აკეთებს ისედაც ჩამოშლილი ეკონომიკის კიდევ უფრო ჩამოშლის ხარჯზე. ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლები, ვეღარ იხდიან სესხებს, არავინ ეუბნებათ როდის შეიძლება დამთავრდეს ეს ჯოჯოხეთი, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე დღეს უდგას არსებობის პრობლემა", - წერს ჯაფარიძე და მოითხოვს:

  1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმებას;
  2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნას;
  3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნას;
  4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნას;
  5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნას;
  6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის, აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნას;
  7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნას;
  8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნას;
  9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნას;
  10. ყველა ბლოკ-პოსტის აღებას და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;
  11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო.

საქართველოში საგანგებო სიტუაცია 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მანამდე ეტაპობრივად მოიხსნება ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG