Accessibility links

ამირან გამყრელიძე: სწორად უმკურნალეს ჩემს შვილს


„დღეს, ვისაც რამე სჭირდება, მათ შორის პირადად მე, ხშირად მივდივარ საკონსულტაციოდ თენგიზ ცერცვაძესთან. ამ დებატებში ჩემი ოჯახის გააჟღერეს, არ არის საჭირო ამაზე საუბარი. სწორად უმკურნალეს ჩემს შვილს. იმიტომაც შედარებით სწრაფად გაჯანმრთელდა“, - ასე გამოეხმაურა „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრვი ჯანდაცვიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძესა და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ გურულს შორის დაპირისპირებას.

როგორც გამყრელიძე ამბობს, „პლაქვენილი“ ახალი წამალი არ არის და ის ბაზარზე უკვე 40-50 წელია, რაც არსებობს.

„ძალიან ბევრი დაავადების დროს გამოცდილია ის. ამ ეტაპზე მისმა გამოყენებამ ეფექტი მისცა. გასაგებია, განიხილეთ ეს პროფესიულ საზოგადოებაში და ასეთ შეურაცხყოფას ადამიანებს ნუ მიაყენებთ. არ შეიძლება. განსაკუთრებით კიდევ ერთხელ მივმართავ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს. საქართველოში არიან თუ უცხოეთში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ მათ განათლებას, რა ჯობია. მე კი მქონდა ამის ოდნავ საშუალება, მაგრამ მაგრამ ისეთი ფართო არ მქონია, როდესაც თქვენხელა ვიყავი, რომ ამ ტიპის ფართო [განათლება] მიმეღო. თქვენ ამის საშუალება გაქვთ და რა ჯობია ამას, რომ ამის საშუალება გაქვთ. მაგრამ სხვა რამეა წლები, რაც ექიმობას მოაქვს. ამიტომ, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს ნუ შევეხებით ასე, არ მინდა სხვა სიტყვა ვიხმარო. არ მინდა, ადამიანი, ვისაც უზარმაზარი დამსახურება აქვს, დარგები შექმნა ქვეყანაში, ორ უზარმაზარ დარგს ჩაუდგა საფუძველი და დღეს შუა ცეცხლშია ამ დიდი ბრძოლის, COVID-თან დაკავშირებით, მას იმიტომ, რომ თურმე ქვეყანა „პლაქვენილს“ იყენებს... თანაც, პროტოკოლი კიდევ ერთხელ გადავიკითხე და იქ წერია, რომ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით [გამოიყენება „პლაქვენილი“], მხოლოდ იმ შემთხვევებში, როგორც პროტოკოლით არის გათვალისწინებული“, - თქვა გამყრელიძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ზურაბ გურულის „ფეისბუკის“ პოსტში მთავარი იყო ის, რომ თითქოს საქართველოში „პლაქვენილი“ არამიზნობრივად (უსიმპტომო, ჯანმრთელი ახალგაზრდებისთვის), მათ შორის, საპროფილაქტიკოდაც გამოიყენება, რაც დაუშვებელია.

„ეს არის არა აზრთა სხვადასხვაობა, არამედ ფაქტობრივი ტყუილი“, - თქვა ცერცვაძემ. მისი განმარტებით, პროტოკოლში პირიქით, გამუქებულად წერია, რომ „პლაქვენილი“ არ უნდა დაენიშნოთ უსიმპტომო ავადმყოფებს.

17 აპრილს ზურაბ გურულმა „ფეისბუკზე“ დაწერა: „თბილისელო კოლეგებო, არ ვიცი რომელმა თქვენგანმა შეიმუშავეთ პროტოკოლი, მაგრამ უსიმპტომო, ჯანმრთელი ახალგაზრდებისათვის (ძველგაზრდებისათვისაც), რომელთა CT ნორმალურია და დაავადება პრაქტიკულად უჩინრად მიმდინარეობს, პლაქვენილის დანიშვნა არის აბსოლუტურად მიუღებელი.

პლაქვენილს აქვს თავისი განსაკუთრებული დანიშნულება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საპროფილაქტიკო.

ამასთან, გურულმა „ფეისბუკზე" დაწერა: „ახალგაზრდა პაციენტმა [ცერცვაძის შეფასებით, ის ნიკა გამყრელიძეს გულისხმობდა], რომლის დაავადებაც ასევე უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, საჯაროდ, ინტერვიუში განაცხადა რომ პლაქვენილს იღებდა სამკურნალოდ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG