Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში უარყოფენ, რომ მოქმედი საგანგებო მდგომარეობის დარღვევა 6 წლით პატიმრობით დაისჯება


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი საგანგებო მდომარეობის წესების დარღვევა 6 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ოხანაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში 23 აპრილს შეტანილი ცვლილებები არ ეხება კორონავირუსის გამო დღეს მოქმედ საგანგებო მდგომარეობას. მასზე ვრცელდება პრეზიდენტის დეკრეტი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ პირველი დარღვევა 3 ათასი ლარის ჯარიმას ითვალისწინებს, ხელმეორედ დარღვევა კი, 3 წლამდე პატიმრობას.

„გარკვეულმა ჯგუფებმა სცადეს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს, საქართველოს პარლამენტმა გაზარდა სანქცია თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე, თითქოს ამ სანქციას გამოყენება ექნება დღეიდან და თითქოს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს შევუფარდებთ თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე - ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. დღეს ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი“, - განაცხადა დღეს, 24 აპრილს ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები ეხება არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევასაც: „ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუკი ამ ქმედებას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი, თუკი დაავადებული პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, ან პირი დაარღვევს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმს, რაც გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს, რასაც შესაძლებელია მოყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი, ამ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე“.

ოხანაშვილის განცხადებითვე, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილება არც იმას ნიშნავს, რომ დამრღვევს ავტომატურად 6 წლით პატიმრობას მიუსჯიან: „ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, პასუხისმგებელმა ორგანოებმა მიიღონ გადაწყვეტილება და პირს, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა დააკისრონ ან ერთი დღით, ან ერთი თვით, ან ერთი წლით, ან მაქსიმუმ 6 წლით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG