Accessibility links

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღად ცხადდება 3 სექტემბერი


R

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების ოფიციალურ თარიღად 2 სექტემბრის ნაცვლად 3 სექტემბერი დაწესდა. მანამდე კანონპროექტს მხარი დაუჭირეს სახელმწიფო სათათბირომ და ფედერაციის საბჭომ.

კანონის განმარტებით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მეორე მსოფლიო ომის დასრულებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა 1945 წელს იაპონიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებამ“, რაც ოფიციალურად გამოცხადდა სწორედ 3 სექტემბერს.

თუმცა მთელ მსოფლიოში და ასევე ყოფილ საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების თარიღად ითვლებოდა 2 სექტემბერი, როდესაც ხელი მოეწერა იაპონიის კაპიტულაციას.

თარიღის გადატანის წინააღმდეგ გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭო, რომელმაც მიუთითა, რომ 3 სექტემბერი რუსეთის კალენდარში უკვე არის ტერორისტების შტურმის დროს ბესლანის სკოლაში დაღუპულთა ხსოვნის დღე.

2004 წლის 3 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის სკოლაში შტურმს 334 ადამიანი შეეწირა. რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარემ ვალერია ფადეევამ ამ საკითხზე წერილი მისწერა ფაედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს, ვალენტინა მატვიენკოს. „სამახსოვრო თარიღებმა უნდა გააერთიანოს ადამიანები და არა - გაყოს. სამხედრო დიდების დღის 3 სექტემბერს გადატანას, ამ საზარელი ტერაქტის დროს დახოცილთა მშობლები და ახლობლები უნდობლად მოეკიდებიან“, - წერდა ვალერია ფადეევა.

მაგრამ მატვიენკომ მხარი დაუჭირა თარიღის გადატანას და მეტისმეტი უწოდა „ხმაურს კანონპროექტის“ გარშემო.

ამასთან, მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღის ერთი დღით გადატანის ერთ-ერთ მიზეზად ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ასახელებს კრემლის სურვილს, რომ სწორედ 3 სექტემბერს ჩატარდეს გამარჯვების სამხედრო აღლუმი, რომელიც რუსეთში კორონავირუსის გამო 9 მაისს აღარ გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG