Accessibility links

გახარია სააკაშვილისთვის უკრაინაში თანამდებობის შეთავაზებაზე: ეს მიუღებელია


საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეკითხვას, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილისთვის თანამდებობის შეთავაზებას შეეხებოდა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლების მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება

„უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუქტურა, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც ჩემთვის პირადად მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმების თრევა და პოლიციის ძალით იქიდან გამოყვანა. ესეც ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შესაბამის ნაბიჯად გიორგი გახარია უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევასაც განიხილავს.

„ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შესთავაზა ვიცე-პრემიერის თანამდებობა რეფორმების საკითხებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG