„დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე.
„ასაკით ბატონი გახლდათ 83 წლის - ქრონიკული პათოლოგიებით. ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია... ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. ეს გამოვლინდა ჩატარებული ექოსკოპიური კვლევით. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, რეანიმაციული ღონისძიება აღმოჩნდა უშედეგო“, - განაცხადა რატიანმა.
მისი ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი შვიდი პაციენტიდან კვლავ კრიტიკულია ორის მდგომარეობა. ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 114 პაციენტი მკურნალობს. 26 აპრილს გასაწერად კიდევ ექვს პაციენტს ამზადებენ.
ოფიციალურ ვებსაიტზე - Stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ განახლდა. ახალი მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 29-ით გაიზარდა და ამჟამად 485-ს უტოლდება. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 139-ია.