Accessibility links

COVID-19: თეთრიწყაროში ინფიცირებულთა დიდი ნაწილი მედპერსონალია


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რაიონული ცენტრის შესასვლელებსა და გასასვლელებში უკვე მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები - რაც აუცილებელია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების გასაკონტროლებლად.

ოფიციალური ინფორმაციით, „შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ“.

საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.​

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რაიონულ ცენტრში - თეთრიწყაროში - მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედების გადაწყვეტილება 26 აპრილს მიიღო უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ. საფუძვლად მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკი სახელდება.​

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 26 აპრილს დილით გამოცხადებული 29 ახალი შემთხვევიდან 20 სწორედ თეთრიწყაროში გამოვლინდა. მათ შორის უმრავლესობა მედპერსონალია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რა პირობებში მოხდა მედპერსონალის ინფიცირება - იყო ეს პროფესიული საქმიანობა თუ საყოფაცხოვრებო პირობები.

„გუშინ მთელი დღის მანძილზე იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა თეთრიწყაროში. ამ მუშაობის შედეგია, რომ გამოვლინდა იქ ინფიცირებულები, სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგაა ძალიან ბევრი. დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევაა თეთრიწყაროში... დღესაც მუშაობს ჩვენი ჯგუფი იქ და იმედია, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, აქაც მოხერხდება დროული შეკავება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

„მედპერსონალი თავად იქცა ვირუსის გავრცელების წყაროდ, რადგან ინფიცირებული მედიკოსები სასწრაფოზე და/ან ოჯახის ექიმებად მუშაობენ და ბევრ ადამიანთან ჰქონდათ აქამდე შეხება“, - წერს საკუთარ ფეისბუკგვერდზე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი თეთრიწყაროში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე თეთრიწყაროში, მედპერსონალს შორის გამოვლენილია დაავადების 12 შემთხვევა და ეს ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაა.

„ჯანდაცვის სამინისტროს არაკოორდინირებულობის შედეგია, რომ მედპერსონალი არაა დაცული: არ აქვთ სათანადო ეკიპირება, რეგულარული ტესტირება, არ უტარდებათ მუდმივი ტრენინგი.

ამის გამო, სავარაუდოდ, მედპერსონალი თავად იქცა ვირუსის გავრცელების წყაროდ, რადგან ინფიცირებული მედიკოსები სასწრაფოზე და/ან ოჯახის ექიმებად მუშაობენ და ბევრ ადამიანთან ჰქონდათ აქამდე შეხება“.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოვლენილია 19 ახალი შემთხვევა, მათგან რამდენიმე ადგილობრივი თეთრიწყაროს მედპერსონალია და ასევე მათი ოჯახის წევრები“.

მისივე თქმით, კარანტინში მოექცა ქალაქის საავადმყოფო და პაციენტების მიღება შეწყდა. ასევე, საჭირო გახდა ადგილობრივი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების ჩანაცვლება სოფელ კოდისა და დაბა მანგლისის სარეზერვო ბრიგადებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG