Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 აპრილიდან ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნება, იმოქმედებს ორდღიანი საგამონაკლისო წესი


27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის პრესსპიკერმა განმარტა, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

"როგორც ცნობილია, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების შემსუბუქების ეტაპებად გაწერილი გეგმა შეიმუშავა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა პარასკევს წარადგინა; აღნიშნული გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი ხვალიდან, 27 აპრილიდან ამოქმედდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება, სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

ამასთან, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, დაწესებულებებს და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

15 აპრილის 21:00 საათიდან აკრძალულია თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით.

თუმცა, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა გადაიხედოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG