Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი ხდება ყინწვისელი სასულიერო პირების დაპირისპირების ახალი დეტალები


ყინწვისის ტაძარი
ყინწვისის ტაძარი

რადიო თავისუფლების წყარო, რომელიც სასულიერო პირია, ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირებს შორის გასულ კვირაში მომხდარი ინციდენტის ახალ დეტალებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, არქიმანდრიტ საბა ჟღენტის ავტომანქანა ცეცხლსასროლი იარაღიდანაა დაცხრილული და ყველას უკვირს, მასში მყოფი ადამიანები როგორ გადარჩნენ.

ჩვენი წყარო ამბობს, რომ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტა მონასტრის სასულიერო პირები, რომლებიც ავტომანქანაში იმყოფებოდნენ. მისი ინფორმაციით, დაცხრილული ავტომობილიდან სამართალდამცავებმა 7 ტყვია ამოიღეს.

რადიო თავისუფლების წყარო აზუსტებს, რომ ინციდენტი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების, ღვლევის და ხვედურეთის გზაზე მოხდა და არა ყინწვისის მონასტრის ტერიტორიაზე, როგორც ეს მანამდე გავრცელდა. მისივე ცნობით, დავით აქიაშვილი პოლიციაშიც გადაიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს.

სასულიერო პირის თქმით, მამა დავითი, რომელიც მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) შვილობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობს, იარაღით დადის და მისთვის შენიშვნის მიცემასაც კი ვერავინ ბედავს. წყაროს ინფორმაციით, მხოლოდ არქიმანდრიტი საბა იყო, ვინც შენიშვნას და რჩევას აძლევდა, ამიტომ მათ შორის კონფლიქტი ადრეც მომხდარა, მაგრამ ყველა ადრინდელი ფაქტი „ჩაფარცხეს“.

ინფორმაცია, რომ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ხელში მსუბუქად დაჭრა, 22 აპრილს გავრცელდა.

ინციდენტს უარყოფს მიტროპოლიტი იობი. ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს დავით აქიაშვილი. დაჭრის ფაქტი უარყო საბა მუჯირმაც. თუმცა, ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG