Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მკურნალობენ ბათუმში ოზონოთერაპიით - ინტერვიუ “მედალფას” კლინიკურ დირექტორთან


ბათუმში ჰოსპიტალ „მედალფაში“ Covid 19-ით დაავადებულთა მკურნალობისას პირველად გამოიყენეს ოზონოთერაპია. კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ მეთოდის გამოყენებაზე შეჯერდნენ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან კონსულტაციის შემდეგ. 8 აპრილს კლინიკამ თბილისიდან მოიწვია ოზონოთერაპიის თერაპევტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ლადო თალაკვაძე. მეთოდი 4 პაციენტთან მოსინჯეს, რომელთაგან 3 მეცხრე დღეს გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კლინიკაში დაბეჯითებით ვერ ამბობენ, კონკრეტულად რა ხარისხით შეუწყო ხელი ოზონოთერაპიამ პაციენტთა გამოჯანმრთელებას, რადგან ყოველი მათგანი ამ მეთოდის პარალელურად მედიკამენტოზურ მკურნალობასაც გადიოდა.

რას ნიშნავს ოზონოთერაპია, რატომ გადაწყვიტეს მისი გამოყენება და რა გვერდითი მოველენები შეიძლება ჰქონდეს ამ მეთოდს? - რადიო თავისუფლება „მედალფას“ კლინიკურ დრექტორს, ალექსი გოხელაშვილს, ესაუბრა.

ბატონო ალექსი, რა არის ოზონოთერაპია და როგორ ტარდება ის?

ეს არის ინტრავენური გადასხმა. ოზონით გაჯერებული ხსნარი შედის ორგანიზმში. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ხსნარის სახით ან სხვა მეთოდით - პაციენტის სისხლს ვიღებთ, ვაჯერებთ ოზონით და ისევ ვაბრუნებთ ორგანიზმში გადასხმის მეშვეობით. ოზონოთერაპია კორონავირუსის შემთხვევაში ჩვენ ვიხმარეთ პირველად საქართველოში. მანამდე როგორც ფიზიოთერაპიის მეთოდი, ისე გამოიყენებოდა. ძალიან საინტერესო კვლევებსა და დაკვირვებებს წავაწყდით მსოფლიოში - გამოიყენეს კორონავირუსის დროს და კარგი შედეგი მიიღეს. ეს იმაში გამოიხატება, რომ მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა ხუთჯერ ნაკლებ ადამიანს. მართვითი სუნთქვა დაკავშირებულია გარკვეულ გართულებებთან. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების 80% -ის მდგომარეობა რთულდება და შესაძლებელია ლეტალური შედეგიც კი დადგეს. ჩვენ თუ თავს ავარიდებთ ამას, ანუ შესაძლებელს გავხდით, რომ პაციენტი მართვითი სუნთქვის ეტაპზე არ გადავიყვანოთ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ შედეგი გვაქვს.

თქვენ ბრძანეთ, რომ კვლევებს წააწყდით, თუ როგორ იყენებენ ოზონოთერაპიას წარმატებულად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის მკურნალობისას. რომელი ქვეყნების მაგალითს გულისხმობთ?

ევროპაში ოზონოთერაპია აპრობირებულია. იტალიამ დაუშვა როგორც დამხმარე საშუალება კორონავირუსის მკურნალობაში. ახლა მიმდინარეობს დაკვირვება ისეთ პაციენტებზე იტალიასა და ესპანეთში, სადაც ოზონოთერაპიას იყენებენ როგორც დამხმარე საშუალებას და ცოტა ხანში შესაძლებელია ჩინელებმაც გამოაქვეყნონ თავისი კვლევისა და დაკვირვების შედეგები. რაც უფრო მეტი მასალა იქნება და უფრო მეტი გამოკვლეული პაციენტი, მით მეტად შეიძლება ჩავთვალოთ სარწმუნოდ ან არასარწმუნოდ ეს მეთოდი. ევროპაშიც ჯერ ისევ არ არის იმდენად ბევრი შემთხვევა, რომ ეს მიდგომა სარწმუნოდ ჩაითვალოს, მაგრამ აგროვებენ ამ მონაცემებს და მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

დღეს ყველა ცდილობს მიაგნოს კორონავირუსის ეფექტურ მკურნალობას. ჯერჯერობით მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ექსპერიმენტები, კვლევები, მაგრამ დრო სჭირდება ყველა კვლევას, რომ გარკვეული შედეგები გამოიკვეთოს. სადღაც მაისის შუა რიცხვებში უკვე გვეცოდინება ოზონოთერაპიის ავკარგიანობა. ამ ეტაპზე კი ისაა ცნობილი, რომ ეს მეთოდი მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტთა ხელოვნურ ინტუბაციაზე გადაყვანის რიცხვს. ამ მეთოდს თეორიული საფუძველი აქვს და, როგორც გითხარით, ბევრ ქვეყანაში დაუშვეს როგორც დამხმარე მკურნალობა, აშშ-ში კი არ არის დაშვებული.

აშშ-ში, ტეხასის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ კომპანიას აეკრძალა ოზონოთერაპიის გამოყენება კორონავირუსის მკურნალობისას. რამდენად გაითვალისწინეთ ეს ფაქტი?

დიახ წავიკითხეთ ეს სტატია, მერე ჩავეძიეთ ამ ამბავს და რეალურად რაც ჩვენ ჩვენი წყაროებით გავარკვიეთ, აღმოჩნდა, რომ არსებული სიტუაცია შარლატანებმა ხელის მოსათბობად გამოიყენეს - ოზონოთერაპია წარმოადგინეს როგორც პანაცეა და განკურნების ერთადერთ საშუალებად სთავაზობდნენ ადამიანებს. მხოლოდ ამიტომ აიკრძალა და არა იმიტომ, რომ მეთოდი არ ვარგა.

თქვენს კნიკაში როგორ გამოიყენეთ და რა შედეგი მიიღეთ?

ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის წინასწარი მონაცემები და მას დამუშავება სჭირდება. ჩვენ გვქონდა პაციენტთა გამოჯანმრთელების შემთხვევები მეცხრე დღეს. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ მეცხრე დღეს სისხლში ვირუსი აღარ იქნა ნანახი და საკმაოდ მძიმე ფორმის პნევმონიაც სრულად ალაგდა. თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომე ეს მხოლოდ ოზონოთერაპიის შედეგია. ალბათ, ეს კომპლექსური მკურნალობის შედეგია და ოზონოთერაპია, როგორც ერთ-ერთი დამხმარე საშუალება, ისე მოქმედებს, ანუ ხელს უწყობს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ ოთხ პაციენტთან გამოვიყენეთ. სამი მათგანი მეცხრე დღეს განიკურნა, თუმცა აქედან ერთს მძიმე ფორმის პნევმონია დაუტოვა. მასთან ოზონოთერაპიის დამხმარე მკურნალობის გამოყენებამ კი საკმაოდ კარგი შედეგი მოგვცა პნევმონიის ალაგებაში. მეოთხე პაციენტს დღეს მკურნალობის მე-11-ე დღე აქვს და კვლევას ჩავატარებთ შედეგის დასადგენად.

რა გვერდითი ეფექტი აქვს ამ თერაპიას და როგორ უნიშნავთ მას პაციენტებს?

ჩვენ ძალიან ფრთხილად მოვეკიდეთ მის გამოყენებას. პაციენტებს ვუნიშნავთ ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის შეფასების, აწონ-დაწონისა და დაკვირვების შემდეგ, რომ მინიმალური გვერდითი გამოვლენა ჰქონდეს. ისედაც, ბევრი და სერიოზული გვერდითი მოვლენა არ აქვს ამ მეთოდს. დადებითი კი ის აქვს, რომ შეგვიძლია მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად გამოვიყენოთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG