Accessibility links

პრაღის მერს პოლიცია იცავს, მისი მოწამვლის რუსული გეგმის შესახებ ინფორმაციის გამო


ზდენეკ ჰრჟიბი

პრაღის მერი ადასტურებს, რომ პოლიცია მას 24 საათის განმავლობაში იცავს, მას შემდეგ, რაც ჩეხეთში გამომავალმა ჟურნალმა დაწერა, რომ ის და პრაღის კიდევ ერთი ოფიციალური პირი სავარაუდოდ მოწამვლის რუსული გეგმის სამიზნეები არიან.

მერმა, ზდენეკ ჰრჟიბმა, რუსულ რადიოსადგურს, ეხო მოსკვის 27 აპრილს უთხრა, რომ ის პოლიციის საგანგებო დაცვის ქვეშ რამდენიმე კვირის წინ მოათავსეს, მას შემდეგ, რაც ამოცნობილ იქნა მისკენ მიმართული საფრთხე. მერს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მერის განცხადება მოჰყვა ჩეხეთის ყოველკვირეულ გამოცემა Respekt-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ ჰრჟიბი და პრაღის მეექვსე ოლქის მერი, ონდჟეი კოლარი რუსეთის დაზვერვამ გამოყო ლეტალური ტოქსინით მოსაწამლად. Respekt-ი ეყრდნობა დაზვერვის სფეროს ანონიმურად დატოვებულ წარმომადგენელს, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის დაზვერვის სავარაუდო წარმომადგენელი სამი კვირის წინ ჩავიდა ჩეხეთის დედაქალაქში, დიპლომატიური პასპორტით და ჩემოდნით, რომელშიც ნივთიერება რიცინი იდო.

ჰრჟიბმა მოსკოვის რისხვა გამოიწვია, რადგან მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს დარქმეოდა კრემლის მოკლული კრიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელი. კოლარმა კი კრემლის კრიტიკა დაიმსახურა იმ უბანში საბჭოთა პერიოდის მარშლის ძეგლის აღების გამო.

ამ ინციდენტებმა გააღრმავა დაძაბულობა პრაღასა და მოსკოვს შორის და გააძლიერა ვარაუდები, რომ შესაძლოა რუსეთი იყოს ჩეხეთის რესპუბლიკაში ახლახან მომხდარი კიბერთავდასხმების უკან.

ჩეხეთის ოფიციალური პირები განცხადებას არ აკეთებენ მოწამვლის შესაძლო გეგმის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG