Accessibility links

ზურაბიშვილი უკრაინის შესახებ განცხადებას ავრცელებს


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება უკრაინის ვიცე-პრემიერად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის განხილვას. როგორც ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო და უკრაინა მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორები არიან. მიუხედავად ამისა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს: „ამ დღეებში ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე განიხილავს კანდიდატურას, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამან გამოიწვია ჩვენი - საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების საფუძვლიანი შეშფოთება და მკვეთრი რეაგირება. როგორც სახელმწიფოს მეთაური, კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მიუღებელია სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებსა და საკადრო პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა, ასევე მიუღებელია და ყოვლად გაუგებარია უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანის ნებისმიერ საჯარო პოზიციაზე შერჩევა, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები ფიგურირებს არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების განაჩენში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის ვერდიქტში. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ის მძიმე კორუფციულ დანაშაულებშია ბრალდებული“.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, უკრაინასა და საქართველოს არამარტო საუკუნოვანი მეგობრობა და ერთმანეთის პატივისცემა აერთიანებთ, არამედ ახლო წარსულში ერთდროულად მოპოვებული დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს მშენებლობის გზა და საერთო მიზნები: ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრება, ეკონომიკური გეგმები, შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის გამყარება და რეგიონული როლის დამკვიდრება, - რაც კორონავირუსის გამოწვევის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ჩანს. ზურაბიშვილის განცხადებით, ყველაზე მთავარი, რაც ქართველებსა და უკრაინელებს აერთიანებს, ესაა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად მიმართული სოლიდარობა და ერთობლივი ძალისხმევა.

„მე ვწუხვარ, რომ დღეს ჩვენ ვარღვევთ, თუნდაც, კორონავირუსთან მიმართებით აუცილებელ სოლიდარობას, რომელიც ახლა, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოს აერთიანებს. ვწუხვარ იმ დაკარგული დროის გამო, როცა ჩვენ - ორ ქვეყანას ბრიუსელში NATO-სა და ევროკავშირისთვის წარსადგენ საერთო გეგმებზე უნდა გვემუშავა. ვწუხვარ ნდობის დეფიციტის გამო, რომელიც უკვე წარმოიშვა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა მინდა ვცდებოდე და ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესები უფრო ღირებული და დასაცავი აღმოჩნდება, ვიდრე ვიწრო პოლიტიკური ამბიციები და გათვლები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოძმე ერების საერთო წარსული, აწმყო და მომავალი ეჭვქვეშ არასდროს დადგება“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა. 24 აპრილს სააკაშვილი შეხვდა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებს, თუმცა, როგორც უკრაინული მედია წერდა, ფრაქციის წევრთა უმრავლესობა მხარდაჭერაში ვერ დაარწმუნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG