Accessibility links

site logo site logo

"ეკონომიკის გახსნის" ფარგლებში კომპანიების რეგისტრაცია დღეს 18 საათზე იწყება


ბიზნესსექტორისთვის ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური უწყებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ობიექტების შემოწმებას დაიწყებენ. ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ. მისი განმარტებით, დღეს, 29 აპრილის 18 საათიდან, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, საქმიანობის აღდგენის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე კომპანიების რეგისტრაცია დაიწყება:

„პროცესი გადანაწილდება მთელი ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა უწყებებზე მუნიციპალურ დონეზე. მონაცემების დამუშავება მოხდება საღამოს და გამოქვეყნდება საბოლოო სტატუსი, რომლის მიხედვითაც კომპანიები იმ დღესვე გაიგებენ თავიანთ სტატუსს, რას აკმაყოფილებდნენ.

თუ ხარვეზები აქვთ, ისინი მიიღებენ დამატებით რეკომენდაციებს და მიიღებენ დამატებით შესაძლებლობას იმისთვის, რომ გამოასწორონ ხარვეზები და თანხვედრაში მოიყვანონ ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებთან“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისი განმარტებით, კომპანიების ინსპექტირების პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებები შესამოწმებელი ობიექტების ჩამონათვალს ყოველდღიურ რეჟიმში მიიღებენ:

„მიზანი გვაქვს, რომ 1000-ზე მეტი კომპანია შემოწმდეს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. მისი თქმით, ყოველდღიურად გამოქვეყნდება იმ კომპანიების სია, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის მოთხოვნებს. მისი თქმით, კომპანიების შემოწმების დაწყების მიზანი არის ის, რომ ეკონომიკის გახსნა ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ექვსივე ეტაპზე მდგრადი იყოს.

ჯანდაცვის სამინისტრომ 29 აპრილს COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაცია ემყარებოდა მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 24 აპრილს წარადგინა. ანტიკრიზისული გეგმით განისაზღვრა მოსახლეობის სოციალური დახმარების, ასევე covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG