Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს 180 მილიონ ევროს გამოუყოფს გრანტის სახით


ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ 180 მილიონ ევროს გამოყოფს გრანტების სახით, რათა ევროკავშირის წევრობის პრეტენდენტებს დასავლეთ ბალკანეთში დაეხმაროს კორონავირუსის პანდემიასთან და მის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად.

29 აპრილს ევროპის საინვესტიციო ბანკმა ასევე გამოაცხადა, რომ 1,7 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს მისცემს ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვიანას, კოსოვოს, ჩერნოგორიას, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთს.

მთლიანობაში ბლოკმა მობილიზება უყო 3,3 მილიარდ ევროს ექვსი ქვეყნისთვის, ნათქვამია ევროპის კომისიის დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებს დაეგზავნათ ბალკანეთის საკითხზე დაგეგმილი თათბირის წინ. ევროკავშირისა და ბალკანეთის ლიდერების ეს ვიდეოკონფერენცია 6 მაისს გაიმართება.

„საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში ევროკავშირი საფუძვლიან და შეუდარებელ დახმარებას უწევს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს,“ ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ევროკავშირის მისამართით გაისმოდა კრიტიკა, რომ მან დააგვიანა ბალკანეთისთვის დახმარების აღმოჩენა. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ბლოკი გააკრიტიკა „მისი ქვეყნის მიტოვებისთვის“ და ჩინეთი შეაქო კრიზისის დროს დახმარებისთვის. აკრიტიკებდნენ ასევე ევროკავშირიდან რეგიონში სამედიცინო ტექნიკის ექსპორტზე აკრძალვებს, რაც მას მერე გაუქმდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG