Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს  COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტს


ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ, 29 აპრილს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა პაციენტს, რომელიც კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით სამი კვირაა მკურნალობს.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განმარტა, პაციენტს ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა) ბოქსირებულ სექტორში ცალკე განთავსებულ საოპერაციოში გაუკეთეს. ექიმის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს შეტევითი ხასიათის ტკივილები ნაღვლის ბუშტში კენჭების გამო ორი დღის წინ დაეწყო, კონსერვატიულმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა:

„მოგეხსენებათ ორმხრივი პნევმონია, ჰიპერკუაგულაცია, პერსონალის საკმაოდ ახლოს შეხება მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან- ეს სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის“, - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა. მისი განმარტებით პაციენტი თავს კარგად გრძნობს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ოპერაციის შემდეგ უკვე წამოაყენეს კიდეც.

მაკა სოლოღაშვილის თანახმად, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 61 პაციენტი მკურნალობს, მათგან 13-ის მდგომარეობაა საყურადღებო, 1 ინტენსიურ მკურნალობას გადის. პაციენტებს შორის 10 არასრულწლოვანია.

გასული ღამის შემდეგ, საქართველოში 517-დან 539-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი.

საერთო ჯამში 539 დადასტურებული შემთხვევიდან ​178 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG