Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის თქმით, მაიკლ ფლინი სასამართლომ უნდა გაამართლოს


მაიკლ ფლინი
მაიკლ ფლინი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრიტიკის ახალი ტალღა წამოიწყო აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მისამართით, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩევლის, გენერალ მაიკლ ფლინის ადვოკატებმა, რომლებიც ფლინის მიმართ საბრალდებო დასკვნის შეცვლას ცდილობენ, გახსნეს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) შიდა მოხმარების დოკუმენტები.

ფლინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვის წინააღმდეგაც აშშ-ში გამოძიება ჩატარდა ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის გუნდსა და რუსეთს შორის შესაძლო გარიგების თაობაზე. 2017 წლის თებერვალში ტრამპმა ფლინი გაათავისუფლა ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე მხოლოდ 24 დღე მუშაობის შემდეგ, მას მერე, რაც გამოვლინდა, რომ ფლინმა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან საუბარში იცრუა აშშ-ში რუსეთის ელჩთან ურთიერთობების თაობაზე.

2017 წლის დეკემბერში ფლინმა თავი დამნაშავედ ცნო რუსეთის ელჩთან საუბრების შესახებ FBI-ისთვის ტყუილის თქმისთვის.

მაგრამ ტრამპი აცხადებს, რომ FBI-ის დოკუმენტებმა, რომლებიც ფლინის ადვოკატებმა გაასაჯაროვეს, დაარწმუნა ის, რომ ფლინი სასამართლომ უდანაშაულოდ უნდა ცნოს.

ტრამპის თქმით, თუ ეს არ მოხდება, მას შეუძლია საკუთარი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები გამოიყენოს ფლინის შეწყალებისთვის.

როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა 30 აპრილს, ის „იქით იხრება, რომ დაიჯეროს“, რომ მასთან საუბარში ფლინის ყალბი განცხადებები „არ იყო განზრახ“ გაკეთებული.

XS
SM
MD
LG