Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: „8 მაისიდან გაიხსნას საქართველო“


„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ერთი კვირის ვადაში, 8 მაისიდან სრულფასოვნად გაიხსნას საქართველოს ეკონომიკის ყველა დარგი, რათა გლობალურ კონკურენციაში ჩართულ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ ქვეყნისა და საკუთარი ოჯახების რჩენის საშუალება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მყისიერად უნდა მოიხსნას კომენდანტის საათი, რასაც არანაირი დასაბუთება არ აქვს. უნდა აღდგეს ქალაქებს შორის გადაადგილება. გაუქმდეს კერძო ავტომობილების გადაადგილების აბსურდული წესი. გაუქმდეს ექსკლუზივი სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობაზე. გაიხსნას საჰაერო სივრცე, თუმცა, გიგა ბოკერიას თქმით, ყოველივე ამას წინ უნდა უძღოდეს კარგად გააზრებული და გონივრული წესების შემუშავება თითოეული კატეგორიის ბიზნესისთვის.

„ეს შეზღუდვები თავიდანვე იყო აბსურდული და შერჩევითი, იმდენად შერჩევითი იყო, რომ დაეკარგა ეფექტი და აზრი. ხელისუფლების გეგმა არის ძალიან ნელი ტემპის, გაუაზრებელი და დააზიანებს ჩვენს ქვეყანას“, - ამბობს გიგა ბოკერია.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ კლავს როგორც ვირუსი, ასევე სიღარიბეც.

„სასწორის ორივე პინაზე დევს სიცოცხლე, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის მიმართულებით. პიკის დადაბლება კარგია, კარგია მოკლევადიანად, ჯანდაცვის სისტემის უკეთესად მოსამზადებლად, მაგრამ ეს ნიშნავს კრიზისის დროში მეტად გაწელვას, რაც გვიგროვებს ბევრ პრობლემას გრძელვადიანად. ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს კარგად გააზრებული: ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს კარგად აღჭურვილი ტესტებით და ტესტები რეგულარულად უნდა უტარდებოდეს ყველა რისკჯგუფს და, პირველ რიგში, მედპერსონალს. მედპერსონალი უნდა იყოს ეკიპირებული სათანადოდ. ჩვენთან ძალიან მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი მედიკოსებში, 73 ძალიან მაღალია. საჭიროა მედპერსონალის ტრენინგი პაციენტთა ნაკადის სამართავად, რათა ინფექციის შიდა გავრცელების მექანიზმების მართვა იყოს სრულყოფილი, რაშიც პერსონალი სრულყოფილად უნდა იწვრთნებოდეს“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG