Accessibility links

უცნობია კახეთში ექიმის ინფიცირების წყარო


კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების და კლინიკა „ევექსის“ ექიმია, თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ახლა კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ორივე სამსახურში, იმ ადამიანებს უტარებენ ტესტირებას, ვისაც მასთან ჰქონდა შეხება.

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის სამსახურის უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა ბრიფინგი გამართეს.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ქალის დაინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ეპიდემიოლოგები მუშაობენ წყაროს და კონტაქტების გამოსავლენად.

50 წლამდე ქალს კორონავირუსი ექიმების გეგმური ტესტირების დროს დაუდგინდა. მანამდე ის სასწრაფო დახმარების სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად გამოძახებებზე, პაციენტებს ემსახურებოდა.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ კონკრეტული ციფრების დათვლა ახლა მიმდინარეობს, თუ რამდენ პაციენტს მოემსახურა სასწრაფოს ექიმი.

ჟურნალისტებმა ქადაგიშვილს ჰკითხეს, რა ზომების გატარება იგეგმება ყვარელში, ახალი კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ?

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ამის შესახებ მოგვიანებით მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მანამდე კი თქვა, რომ ამ ეტაპზე ქალაქი არ ჩაიკეტება.

ყვარელში, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის სახლთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ. უკვე მოძიებულია 60-მდე კონტაქტი, მათ შორის ოთხი ექიმის ოჯახის წევრია. მათ COVID-19-ზე ტესტირება უკვე ჩაუტარეს და პასუხი უარყოფითია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG