Accessibility links

ამირან გამყრელიძე: „გვჭირდება მოლების, რწმუნებულების მხარდაჭერა“


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მძიმე ვითარებაა შექმნილი ქვემო ქართლის მხარეში, რომლის წილმაც covid-19-ით ინფიცირებულთა შორის 32% შეადგინა.

„სულ ქვემო ქართლში გვაქვს 189 შემთხვევა. თეთრიწყარო - 49, ბოლნისი - 107 და მარნეულში - 33. 2 მაისს ჩატარდა 1328 კვლევა და აქედან დადებითი იყო 16“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მარნეულის რაიონში ყოფნისას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ვითარებას ამძიმებს ინფორმაციის სიმწირე, რომელსაც, ენობრივი ბარიერის გამო, ეთნიკური უმცირესობები განიცდიან.

„ძალიან გვიჭირს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან ურთიერთობა. უნდა მოვახერხოთ ლიდერების ჩართვა, რომ დაარწმუნონ ეს ხალხი თერმოსკრინინგისა და აქტიური გამოკვლევების მნიშვნელობაში. რელიგიური ლიდერები და სოფლის რწმუნებულები გვინდა ყოველ სოფელში, რომ გვერდში ამოგვიდგნენ, რომ სიცხის შემთხვევაში ხალხმა მიმართოს ცხელების ცენტრს. არც ერთი ცხელება, ხველება და სუნთქვის გაძნელება არ უნდა გამოგვეპაროს სოფლებში... მალე დღეში 1500 გამოკვლევაზე ავალთ, მერე 2 ათასზე“, - ამბობს ამირან გამყრელიძე, რომლის თქმითაც, სწორედ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ითამაშა ნეგატიური როლი ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ სამედიცინო დახმარების სამსახურსა და პოლიციას covid-19-ით დაავადებული თანასოფლელების ჰოსპიტალში გადაყვანა არ დაანება.

რადიო თავისუფლება კომენტარისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ მუშევანში, რობიზონ სელიმაშვილს დაუკავშირდა.

„სოფელს ნამდვილად ჰყავს სასულიერო პირი, მოლა. მეჩეთიც ააშენეს, მაგრამ არ ფუნქიციონირებს. ვერ გეტყვით მის გავლენაზე, მაგრამ სოფელში ერთი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ახალგაზრდებზე. სწორედ მას უჯერებენ და ის ურევს ყველაფერს“, - ამბობს რობიზონ სელიმაშვილი.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი კი ამბობს, რომ ბოლნისის თემში სწორედ ადგილობრივმა რელიგიურმა ლიდერებმა ითამაშეს პოზიტიური როლი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საქმეში და სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა მნიშვნელოვანი ანტიეპიდემიური ღონისძიებების გატარება.

ამირან გამყრელიძის თქმით, ნიშანდობლივია ის, რომ მარნეულში გახსნილ ცხელების ცენტრში მიმართვიანობის მაჩვენებელი არ არის მაღალი, რაც, მისივე თქმით, თავისთავად ასევე აჩენს ეჭვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG