Accessibility links

5 მაისიდან სამშენებლო სექტორის ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს


5 მაისიდან სამშენებლო სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, მუშაობის განახლების უფლება ეძლევა ასევე ყველა იმ კომპანიას, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ 5 მაისიდან მუშაობის გაგრძელება შეუძლია ასევე ყველა იმ კომპანიას, რომელიც სხვადასხვა სახითაა დაკავშირებული სამშენებლო სექტორთან.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა კომპანიებს სამუშაო პროცესში გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციები:

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შემოწმებები, რომლებსაც ახორციელებს სპეციალური გუნდი ჯანდაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, 5 მაისიდან მუშაობის განახლებას შეძლებენ ასევე ავტოსარემონტო კომპანიები.

საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

მთავრობამ 24 აპრილს საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ქვეყანა სწორედ ამ გზით გეგმავს კორონავირუსის პანდემიის პირობებში საფრთხის შემცირებისთვის დაწესებული შეზღუდვები მოხსნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG