Accessibility links

რომან გოცირიძე: პარლამენტი ცარიელია და დიდი ბოქლომი ადევს


რომან გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტს მოუწოდებს, საქმიანობა სრული დატვირთვით განაგრძოს. საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა უამრავი პრობლემა შექმნა და ასობით ათასი მოქალაქე საარსებო პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, პარლამენტი ნებაყოფლობით შვებულებაშია გასული, შენობა ცარიელია და დიდი ბოქლომი ადევს.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ სოციალური დისტანციისა და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა წესების დაცვით, პარლამენტი თავისი უფლებამოსილების აღსრულებას სრულად უნდა შეუდგეს.

„დღეს არის განსაკუთრებული ვალი პარლამენტისა, რომ განახორციელოს თავისი მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. იმ ხელისუფლებაზე, რომელსაც დღეს გეგმაც კი არ აქვს წარმოდგენილი რეალური, თუ როდის დაიწყებს სოციალური დახმარებების გაცემას. ევროპის ყველა სახელმწიფომ, ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა დიდი ხანია, რაც ამ უმძიმესი კრიზისის პირობებში საკუთარ მოქალაქეებს გაუწიეს ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მთავრობას მოუწოდა, დროულად წარადგინოს პარლამენტში საგანგებო ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა.

„საქართველოს მთავრობამ 600 000 ჩვენი მოქალაქე, რომელსაც თვითდასაქმებულებს უწოდებენ, გაწირა შიმშილისთვის, ამიტომ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საგანგებო ბიუჯეტზე, რომელიც დღემდე არ წარმოუდგენია მთავრობას. მთავრობა, რომელსაც თუკი ვენდობით, მაგრამ ხშირად ილუზიებში იმყოფებიან, აპირებს რამდენიმე მილიარდის დახარჯვას ისე, რომ არაფერს ეკითხება ხალხს, ვინაიდან პარლამენტი არის ხალხის წარმომადგენელი და პარლამენტის ნებართვით უნდა იყოს გაწეული ნებისმიერი ხარჯი და ნებისმიერი თეთრი უნდა იყოს აყვანილი კონტროლზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

21 მარტს საგანგებო მდგომარეობის შემოღების მხარდაჭერისგან განსხვავებით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით, 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილებას მხარი აღარ დაუჭირა. ისინი მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ითხოვდნენ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. მთავრობამ 24 აპრილს საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ქვეყანა სწორედ ამ გზით გეგმავს კორონავირუსის პანდემიის პირობებში საფრთხის შემცირებისთვის დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG