Accessibility links

„ევროპული საქართველო“  ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს


ზაზა აბაშიძე

„ევროპული საქართველო“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენებას და მისი კანონის შესაბამისად დასჯას ითხოვს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის თანახმად, ზაზა აბაშიძემ სათანადო პასუხი უნდა აგოს იმ ქსენოფობიური განცხადებების გამო, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სოციალური მედიით გამოაქვეყნა. საუბარია ზაზა აბაშიძის კომენტარზე ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში მომხდარ ფაქტზე, როდესაც ადგილობრივებმა მედპერსონალს ხელი შეუშალეს ინფიცირებულების ჰოსპიტალიზების პროცესში.

„კერძოდ, მან ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფის, საქართველოს მოქალაქეებით დასახლებული სოფლის მისამართით საჯარო სივრცეში შემდეგი სიტყვები დაწერა: უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე გიორგი კანდელაკმა, რომლის თანახმად, ეს იყო ეთნიკური შუღლისა და ძალადობისაკენ მოწოდების განცხადება, რომელსაც თან რუსულ ენაზე გინებაც ერთვოდა.

აღნიშნულ განცხადებას მოგვიანებით მოჰყვა ძალადობის მოწოდების შემცველი მეორე განცხადებაც.

გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე აღნიშნა ისიც, რომ ზაზა აბაშიძე იყო ერთ-ერთი პრორუსული პარტიის აქტიური წევრი და ხელმძღვანელობდა „გორჩაკოვის ფონდის“ მიერ დაფუძნებულ რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრს.

ქვემო ქართლის მცხოვრებთა მიმართ გამოქვეყნებულ სიძულვილის შემცველ კომენტარებს პლატფორმა „არა ფობიაც“ გამოეხმაურა. პლატფორმისათვის კატეგორიულად მიუღებელია ზაზა აბაშიძის კომენტარები, რომლებიც „არა ფობიას“ თანახმად, აღვივებს ეთნიკურ შუღლს და ხელს უწყობს ისედაც მოწყვლადი უმცირესობის საზოგადოებისგან უფრო მეტად გარიყვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG