Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილს იმედი აქვს, რომ უკრაინაში თანამდებობაზე ამ კვირაში დანიშნავენ


საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თანამდებობაზე ამ კვირაში დანიშნავს. ამასთან, ტელეკომპანია „უკრაინა 24“-თან ინტერვიუში სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა თანამდებობას სთავაზობს ზელენსკი.

„ვფიქრობ, მალე თავად გამოაცხადებს. მან იცის, რომ საჭიროა მოქმედება. იცის, რომ რთული სიტუაციაა და მის მხრებზეა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. პრეზიდენტს ესმის, რომ ქვეყანას დიდი ქარიშხალი უახლოვდება. მომდევნო თვეები მძიმე იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა უკრაინის ეკონომიკის მდგომარეობა. შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა მისი ამ კვირაში დანიშვნა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ იმედია, ასე იქნება.

მისივე განცხადებით, უკრაინის ვიცე-პრემიერად მის დანიშვნას სხვადასხვა ინტერესის მქონე ბევრი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ: „არასდროს მინახავს, რომ რომელიმე კანდიდატურას ასე განიხილავდნენ“.

მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა.

სააკაშვილის დანიშვნას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციაშიც და საბოლოოდ ეს საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არ დადგა. ამის შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვა თანამდებობას დაიკავებს.

უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლებისგან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ კონსულტაციისთვის კიევიდან ელჩს გაიწვევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG