Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: კოკა ყანდიაშვილის „ქართულ ოცნებასთან“ კავშირის მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი 2013-2014 წლებიდან აღარ აქვს და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დამთავრდეს:

„მას აქვს „ესპერსონა“, ერთ-ერთი სააგენტო და ის ოპერირებდა მედიასივრცეში და მათ შორის ფეისბუკსივრცეში, მაგრამ მას „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება, ან რამე დავალება მის მიმართ „ქართული ოცნებიდან“ არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდება.

ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და, ბუნებრივია, ის ვერც ფეისბუკმა მიუთითა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი კავშირი არ არსებობს“, - მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კოკა ყანდიაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვის, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ იგი ამას „ქართული ოცნების“ დავალებით აკეთებს.

„ჩვენ გვახსოვს ნარატივები, ბოტების და ტროლების ქარხანა და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ადამიანს ოფიციალურად შეხება 2013-2014 წლიდან „ქართულ ოცნებასთან“ აღარ აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე, სადაც მან „ფეისბუკის“ ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში, რომლის ყალბი გვერდებიც „ფეისბუკმა“ გამოავლინა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

2020 წლის აპრილის „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის შესახებ ანგარიშის“ თანახმად, ფეისბუკის ადმინისტრაციამ მედიაპლატფორმა „ესპერსონასა“ და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი გააუქმა.

საქართველოში მოქმედ მედიაპლატფორმა „ესპერსონასთან“ მიმართებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშირდება, ფეისბუკის ადმინისტრაციის დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაუქმებულია ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 122 ჯგუფი, ფეისბუკის 101 და ინსტაგრამის 56 ანგარიში. ხოლო თავად ორგანიზაცია „ესპერსონა“ უკვე აკრძალულია ფეისბუკის პლატფორმაზე.

საქართველოსთან მიმართებით საეჭვო „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო ფეისბუკის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკაშირებული ინდივიდუალური პირებიც. საბოლოო ჯამში ფეისბუკმა გააუქმა ენმ-სთან დაკავშირებული 23 ანგარიში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი და ასევე „ინსტაგრამის“ 9 ანგარიში.

ფეისბუკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც ეს შეფასება „საქართველოში გაკეთებულ ადგილობრივ საჯარო ანგარიშს ეყრდნობოდა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG