Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მიერ უკრაინაში ელჩის გამოძახების თაობაზე უკრაინის საგარეო უწყებამ კომენტარი გაავრცელა


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უკრაინაში ელჩის თბილისში გამოძახების თაობაზე.

უკრაინის საგარეო უწყების თანახმად, საქართველომ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კიევიდან კი არ გაიწვია, არამედ გამოიძახა საკონსულტაციოდ თბილისში. ეს, წერია კომენტარში, არ არის ყოველდღიური, მაგრამ მიღებული პრაქტიკაა დიპლომატიურ საქმიანობაში. კიევი ამ გადაწყვეტილებაში ვერ ხედავს ვერავითარ საფრთხეს ორ მეგობრულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობისთვის და დასძენს, რომ „ჩვენ შეხების ბევრი წერტილი და საერთო გამოწვევები გვაქვს“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ ამ ეტაპზე, კორონავირუსის დაძლევა და ეკონომიკის სტაბილიზებაა ყველა ევროპელის ამოცანა. ეს საქმე უკრაინის მთავრობისგან მოითხოვს ახალ მიდგომებს და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს; მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, უკრაინის მოქალაქეა, მას აქვს დიდი გამოცდილება და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია რეფორმების განხორციელებაში, რაც ფართოდაა მსოფლიოში აღიარებული.

უკრაინის საგარეო უწყების კომენტარში მოწოდებაა გამოთქმული „ქართველი მეგობრების და პარტნიორების მიმართ, გაითვალისწინონ გამოთქმული არგუმენტები და ნუ გახდიან ორმხრივ ურთიერთობას უკრაინაში რეფორმების პროცესზე დამოკიდებულს“.

სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობა „ჩვენი ხალხების ნებაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მას ყველა მხრივ დავუჭიროთ მხარი“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 8 მაისს განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, თუმცა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა კითხვებს იწვევს, რის გამოც უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

XS
SM
MD
LG